- მაურიციო სარიმ ლიონთან გამართული შეხვედრა შეაფასა
- იტალიელი მწვრთნელი მიიჩნევს, რომ მისმა გუნდმა მაქსიმუმი გააკეთა
ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩში ტურინის იუვენტუსმა ფრანგულ ლიონს უმასპინძლა და კრიშტიანო რონალდოს დუბლით 2:1 დაამარცხა. ამის მიუხედავად, სტუმრად გატანილი ბურთის წყალობით, ბრძოლას რუდი გარსიას გუნდი აგრძელებს. 1/4 ფინალში ლიონი მანჩესტერ სიტის დაუპირისპირდება.
ფრანგებთან გამართული მატჩი ტურინელთა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ შეაფასა. იტალიელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ იუვენტუსმა მაქსიმუმი გაიღო მომდევნო ეტაპზე გასვლისთვის.
მაურიციო სარი (იუვენტუსის მწვრთნელი): ''არ ვიცი ლიონისა და პარი სენ-ჟერმენის თამაშს თუ უყურეთ, მაგრამ მათ იმ თამაშში ისეთი პრობლემები არ ჰქონდათ, როგორც ჩვენთან. 20 წუთი ბურთს ტრიბუნებზე იგერიებდნენ. ჩვენ კარგი მატჩი ჩავატარეთ. ყველაფერი გავაკეთეთ და ბოლომდე ვეცადეთ მოგებას. იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ დღევანდელ თამაშზე ვერაფერს ვიტყვი''.
მაურიციო სარი ჟურნალისტის კითხვამ გააღიზიანა, რომელიც მის იუვენტუსში მომავალს უკავშირდებოდა: "რა პასუხს ელით ჩემგან, ეს უბრალოდ უპატივცემულობაა. ჰკითხეთ ჩვენს ლიდერს".
ტურინის იუვენტუსის მფლობელმა ანდრეა ანიელიმ მატჩის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მაურიციო სარი დაკავებულ თანამდებობას შეინარჩუნებს და გუნდში ისევ დარჩება.
კომენტარები