Thumbnail

სევილია V ბაიერნი - გერმანულ მანქანას ესპანეთში უჭირს ხოლმე!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ბაიერნი სევილიაში თავდაჯერებული ჩადის.
  • თუმცა მიუნხენელები სევილიას პატივს სცემენ.
  • იუპ ჰაინკესს ორი წამყვანი მოთამაშე დაუბრუნდა.

მიუხედავად იმისა, რომ ბუნდესლიგაში ქვას ქვაზე არ ტოვებს, გასულ შაბათს უმთავრესი კონკურენტი დორტმუნდის ბორუსია 6:0 გაანადგურა და ჩემპიონთა ლიგაშიც მეოთხედფინალამდე უპრობლემოდ მივიდა, ბაიერნი სევილიას პატივს სცემს - მიუნხენური გრანდის ფეხბურთელები და ხელმძღვანელები მნიშვნელოვანი მატჩის წინ მეტოქეს ოდნავადაც არ აკნინებენ.

რეკორდმაისტერში მეტოქის მატჩამდე დაკნინება არც სჩვევიათ - ბავარიელები ბეშიქთაშთან თამაშების წინაც იმას ამბობდნენ, თურქული კლუბი არცისე სუსტია, როგორც ბევრს ჰგონიაო. სამაგიეროდ, ბაიერნი ასეთ მეტოქეებს უშუალოდ მატჩების დროს არცხვენს ხოლმე - იმავე ბეშიქთაშს შინ 5:0 მოუგო, სტუმრად კი - 3:1. 

ახლაც ასეა: მიუნხენელები აცხადებენ, რომ “ესტადიო რამოს სანჩეს პისხუანზე” რთული მატჩი ელით, მაგრამ იქვე დასძენენ, რომ ამ რთული ბრძოლისთვის აბსოლუტურად მზად არიან. კითხვაზე, არის თუ არა ბაიერნი სევილიასთან ფავორიტი, რეკორდმაისტერის პრეზიდენტი ული ჰიონესი ასე პასუხობს: “არანაირად. მეოთხედფინალში გასულ რვავე გუნდს შეუძლია ჩემპიონთა ლიგის მოგება. მეოთხედფინალში სუსტები ვერ გადიან - გაგახსენებთ, რომ სევილიამ ტურნირიდან მანჩესტერ იუნაიტედი გააგდო!”

გამოკითხვა

ბაიერნს ესპანეთში ზედიზედ 5 მატჩი წაგებული აქვს!
რა მოხდება ამჯერად?

ბაიერნს ესპანეთში ზედიზედ 5 მატჩი წაგებული აქვს!
რა მოხდება ამჯერად?
  • მოიგებს სევილია [5.40]
  • ფრე [3.75]
  • მოიგებს ბაიერნი [1.70]

რუმენიგე: სევილიას ზემოდან არ უნდა შევხედოთ!

“ძალიან... ძალიან რთული მატჩი იქნება, - ეს უკვე ბაიერნის გენერალური დირექტორის, კარლ-ჰაინც რუმენიგეს სიტყვებია, - სტატისტიკას თუ შევხედავთ, ბოლო 4 წლის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგაში სწორედ ესპანური კლუბები გვამარცხებდნენ. ეს იმას ნიშნავს, რომ მეტოქეს ზემოდან არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევხედოთ.”

იუპ ჰაინკესი: ჩვენ ყველაფერი ნანახი გვაქვს და არაფრის გვეშინია!

აი, ეს დახვდათ მიუნხენელებს სევილიის აეროპორტში

"2013 წელს ჩვენ ძალიან შეკრული გუნდი გვყავდა და წელსაც ძლიერი გუნდი გვყავს. სევილიას პატივს ვცემთ - ეს გუნდი უდიდეს აპლოდისმენტებს იმსახურებს. ვინჩენცო მონტელას გუნდი არა მარტო აგრესიული ფეხბურთით გამოირჩევა, არამედ კლასიც აქვს. მაგრამ ჩვენ ყველაფერი ნანახი გვაქვს და არაფრის გვეშინია!" - განაცხადა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ბაიერნის დამრიგებელმა იუპ ჰაინკესმა.

მეოთხედფინალის წილისყრის შემდეგ ყველა ამბობდა, რომ ბაიერნს გაუმართლა, მაგრამ თვითონ მიუნხენელები ასე არ ფიქრობენ: “ჩვენ ვხვდებით კარგ გუნდს, რომელიც საკუთარ მოედანზე ყოველთვის ძალიან ძლიერია,” - აცხადებს ჟერომ ბოატენგი. “ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლაა, თუმცა ვიცით, რომ ამის გაკეთება ადვილი არ იქნება,” - ეს თომას მიულერის სიტყვებია.

სევილიას “ერთ მშვენიერ დღეს” ნებისმიერის დამარცხება რომ შეუძლია, ეს ანდალუსიელებმა მერვედფინალშიც დაამტკიცეს, რომ ასპარეზობას მანჩესტერ იუნაიტედი გამოთიშეს. შაბათს, ვინჩენცო მონტელას გუნდი ბარსელონას 2:0-ს უგებდა და კატალონიელებმა ანგარიშის გათანაბრება ბოლო წუთებზე შეძლეს (2:2).

ვიდალი და ბერნატი გამოჯანმრთელდნენ

“თუ სევილიაში მაქსიმალურად კარგად არ ვითამაშებთ, წავაგებთ!” - აცხადებს მატჩის წინ ბაიერნის მცველი მატს ჰუმელსი.

თუ არ ჩავთვლით მანუელ ნოიერის და კინგსლი კომანის ტრავმებს, იუპ ჰაინკესს საკადრო პრობლემები არ აქვს. არტურო ვიდალის და ხუან ბერნატის სახით მას ის ორი ფეხბურთელიც გამოუჯანმრთელდა, რომლებმაც დორტმუნდის ბორუსიასთან (6:0) ვერ ითამაშეს. სევილიას ევერ ბანეგა ჰყავს დისკვალიფიცირებული.

საინტერესო ფაქტები

  • სევილია ევროპის უმთავრესი საკლუბო ტურნირის მეოთხედფინალში ბოლო 60 წლის განმავლობაში პირველად გავიდა. ბაიერნი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ზედიზედ მეშვიდედ ითამაშებს.
  • მიუნხენური გრანდისთვის ეს 29-ე მეოთხედფინალური დუელია. ამაზე მეტი მხოლოდ მადრიდის რეალს აქვს - 35.
  • ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალისტებს შორის სევილია ერთადერთი გუნდია, რომლის წინააღმდეგ ბაიერნს ევროთასებზე არასდროს უთამაშია.
  • ბაიერნს ბოლო 4 სეზონში ჩემპიონთა ლიგიდან სწორედ ესპანური კლუბები აგდებდნენ.
  • რეკორდმაისტერს ესპანეთში ზედიზედ 5 მატჩი აქვს წაგებული, სევილიას კი, გერმანულ კლუბებთან, საკუთარ მოედანზე, 11-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (7 მოგება, 4 ფრე).
  • ზედიზედ მესამე მონაწილეობის შემდეგ, წელს, სევილია ჩემპიონთა ლიგის საგზურს უდიდესი ალბათობით ვეღარ მოიპოვებს და მომდევნო სეზონში ევროპალიგით უნდა დაკმაყოფილდეს. ანდალუსიელთა ერთადერთი შანსი, გაისადაც ელიტაში ითამაშონ, ჩემპიონთა ლიგის მოგებაა.

კომენტარები

ბოლო ამბები