Thumbnail

კახი გოგიჩაიშვილის ინტერვიუ: სუპერ-გოლი სპარტაკთან და დაჩაგრული ტორპედო

სანდრო ცნობილაძე პროფილის ფოტო
სანდრო ცნობილაძე

ქართულ-რუსული საფეხბურთო დაპირისპირებები ყოველთვის გამორჩეულად დაძაბულ ხასიათს ატარებდა. ამ მნიშვნელოვან მატჩებში, გულშემატკივრებს ჩვენი ფეხბურთელების ბევრი გამარჯვება ახსოვთ. 

კახი გოგიჩაიშვილთან ერთად, დინამო თბილისის მიერ რუსული კლუბების წინააღმდეგ, სხვადასხვა პერიოდში ჩატარებული გამორჩეული მატჩები გავიხსენეთ. ამ შეხვედრებს ერთმანეთისგან 7 წელი აშორებთ.

POPSPORT: 1989 წლის 9 სექტემბერს "ლუჟნიკის" სტადიონზე დინამომ მოსკოვის სპარტაკს შენი ძალიან ლამაზი გოლით, ანგარიშით 1:0 მოუგო. როგორ გაიხსენებ იმ შეხვედრას?

კახი გოგიჩაიშვილი: 1989 წელი ძალიან სპეციფიური იყო. რუსული კლუბების წინააღმდეგ თამაშისას მოტივაცია არასდროს გვაკლდა, მაგრამ აპრილში თბილისში დატრიალებულმა ტრაგედიამ, ჩვენი საბრძოლო განწყობა კიდევ უფრო მეტად გაზარდა.

იმ ფორმაციის სპარტაკი ძალიან ძლიერი გუნდი იყო. რაც შეეხება დინამოს, თაობათა ცვლის პროცესი მიმდინარეობდა და ამიტომ, საკმაოდ რთული პერიოდი გვქონდა. ფავორიტი მოსკოვური გუნდი იყო, რომელიც იმ მომენტში ჩემპიონატს ლიდერობდა და საბოლოოდ გახდა კიდეც ჩემპიონი. 

რა თქმა უნდა, მეორე ნომრად ვთამაშობდით. დავით ყიფიანმა, რომელიც მაშინ მთავარი მწვრთნელი იყო, თამაში კონტრშეტევებზე ააგო და ამ ტაქტიკამ სრულად გაამართლა. გოლი კი მართლაც ძალიან ლამაზი გამომივიდა. ინდივიდუალური გარღვევის შედეგად, მოსკოველთა საჯარიმოში აღმოვჩნდი და ზუსტად დავარტყი. თუმცა აუცილებლად უნდა ავღნიშნო, რომ უდიდესი დახმარება გამიწიეს თანაგუნდელებმა, რომლებმაც მანევრით მცველებს ყურადღება გაუფანტეს. 

📺 სპარტაკი 0:1 დინამო თბ [09.09.1989]

ამ ტურნირის შემდეგ, დინამოს საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში აღარ უთამაშია. საბოლოოდ მე-11 ადგილზე გავედით. მოგებული ექვსი მატჩიდან ეს ყველაზე დასამახსოვრებელი იყო.

POPSPORT: ამ შეხვედრიდან შვიდი წლის შემდეგ იყო მოსკოვის ტორპედოსთან უეფას თასის 1/32 ფინალში ჩატარებული თამაშები...

გოგიჩაიშვილი: პირველი მატჩი ყვითელი ბარათების გამო გამოვტოვე. მოსკოვში გუნდთან ერთად არ ვყოფილვარ, შეხვედრას ტელევიზორში ვუყურებდი. ფავორიტი ტორპედო იყო. ძალიან კარგად მახსოვს, რომ მატჩის კომენტატორები აქცენტს მოსკოვური კლუბის უკეთეს ფიზიკურ მომზადებაზე აკეთებდნენ. მასპინძლებისთვის ხელი იმასაც უნდა შეეწყო, რომ თამაში აუტანელ პირობებში ტარდებოდა. წვიმდა და მინდორი ატალახებული იყო, მაგრამ დინამომ მოსკოველებს არაფერი დაუთმო.

მეტოქეს ყველა საფეხბურთო კომპონენტში ვაჯობეთ. ტექნიკაში ჩვენი უპირატესობა, ურთულეს პირობებშიც კი თვალსაჩინო გახლდათ. ტორპედომ ვერც ფიზიკურ ორთაბრძოლებში დაგვჩაგრა. ჯამარაულმა ამ მატჩის ერთადერთი გოლი გაიტანა და თბილისში ერთბურთიანი უპირატესობით დავბრუნდით. არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ მეტოქემ სათანადოდ ვერ შეგვაფასა, თუმცა ეს მოსკოველების პრობლემაა. დინამომ სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვა.

📺 დინამო-ტორპედოს დაპირისპირებები უეფას თასზე

ორ კვირაში დინამოზე ანშლაგი იყო. ძალიან ბევრი მაყურებელი მოვიდა. თამაში კი ნერვული და დაძაბული გამოდგა, ისეთი როგორსაც ველოდით. ვხვდებოდით, რომ ტორპედო მოედანზე უკვე სრულიად სხვა განწყობით გამოვიდოდა. ამ თამაშებისთვისაც, ისევე როგორც შვიდი წლის წინ სპარტაკთან მატჩისთვის, დავით ყიფიანი გვამზადებდა. მთელმა სამწვრთნელო შტაბმა უდიდესი სამუშაო გასწია. დეტალურად იქნა განხილული ტორპედოს თამაშის ასპექტები, მივიღეთ სწორი დავალებები, რომლებიც საბედნიეროდ, კარგად შევასრულეთ.

ჩვენთვის მთავარი, დაცვაში კარგი თამაში და შესაბამისად, პირველ მატჩში მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება იყო. ამ შეხვედრასაც ვიგებდით. გოლი ისევ ჯამარაულმა გაიტანა. შემდეგ ორგანიზებულად დავიხიეთ უკან და კონტრშეტევებზე ვითამაშეთ. სამწუხაროდ, ხელსაყრელი მომენტები ვერ გამოვიყენე. მატჩის მიწურულისკენ მოსკოველებმა საპასუხო გოლი გაიტანეს.

დარჩენილი წუთები ძალიან ნერვულად მიმდინარეობდა, მაგრამ საბოლოოდ თამაში იმ ანგარიშით დავასრულეთ, რომელიც გვაწყობდა და შემდეგ ეტაპზე გავედით. ორი შეხვედრის ჯამში, მეტოქეზე ძლიერები ვიყავით და 1/16 ფინალის საგზური ღირსეულად მოვიპოვეთ.

გოგიჩაიშვილი ამჟამად ზუგდიდის დინამოს წვრთნის 

POPSPORT: ბოლოს დღევანდელობაზეც ვისაუბროთ. რა მდგომარეობა ზუგდიდის დინამოში, რომლის მთავარი მწვრთნელიც ხარ?

გოგიჩაიშვილი: 2019 წლიდან ამ გუნდში ვმუშაობ. ჩვენი მთავარი მიზანი მეორე ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა. ამ ეტაპზე სწორედ ამისთვის ვიბრძვით. იმედია, დასახულ ამოცანას წარმატებით გადავჭრით და შემდეგი სეზონებიდან უკვე სხვა მიზნები გვექნება. ახლა მთავარია, გუნდი დალაგდეს და რთულ ვითარებას თავი დავაღწიოთ.

კომენტარები

ბოლო ამბები