- 📅 8 აგვისტო | ⌚ 23:00 | ⚽ ბარსელონა V ნაპოლი | 📺 SILK უნივერსალი
- გუნდების პირველი მატჩი, რომელიც ჯერ კიდევ 26 თებერვალს შედგა, 1:1 დასრულდა
- ბარსელონას ჩემპიონთა ლიგის უკანასკნელ 35 საშინაო მატჩში წაგება არ აქვს
- ყველაფერი, რაც ამ მატჩის წინ უნდა ვიცოდეთ
- საინტერესო სტატისტიკური ფაქტები ბევრ მინიშნებას მოგცემთ
8 აგვისტოს ჩემპიონთა ლიგის კიდევ 2 მეოთხედფინალისტის ვინაობას შევიტყობთ და თუკი გერმანულ-ინგლისურ დაპირისპირებაში ყველაფერი გარკვეულია (მიუნხენის ბაიერნს ლონდონის ჩელსისთან სტუმრად 3:0 აქვს მოგებული), კატალონიაში გარკვეულ ბრძოლას მაინც უნდა ველოდეთ. მართალია, ბარსელონა იტალიურ ნაპოლისთან აშკარა ფავორიტია, საგარეო 1:1 დამშვიდების საშუალებას მაინც არ იძლევა.
გუნდების პირველი მატჩი ნეაპოლში 26 თებერვალს შედგა, ამხელა პაუზა კი რით გახლდათ გამოწვეული, იოლი მისახვედრია. კორონავირუსის პანდემიამ გეგმები მთელს მსოფლიოს აურია და გამონაკლისი არც ჩემპიონთა ლიგა ყოფილა. მეტოქეები კამპ ნოუზე ერთმანეთს მხოლოდ ახლა დაუპირისპირდებიან და ცხადია, რომ თამაში მაყურებლების გარეშე ჩაივლის, ეს კი, იტალიელებისთვის მცირე უპირატესობა უნდა იყოს.
ნეაპოლურ შეხვედრაში ანგარიში მასპინძელთა ერთ-ერთმა ლიდერმა დრის მერტენსმა გახსნა, მეორე ტაიმში კი წონასწორობა ანტუან გრიზმანა აღადგინა. ბელგიელი შემტევი ამჯერადაც სასტარტო შემადგენლობაში იქნება, თუმცა კი, მუდმივი მეწყვილე ლორენცო ინსინიეს იმედი აღარ უნდა ჰქონდეს, რადგანაც იტალიელი ტრავმირებულია. დაშავებულია ბერძენი კოსტას მანოლასი და ასევე საეჭვოა სერბი ნიკოლა მაკსიმოვიჩის თამაშიც.
პირველმა მატჩმა საკადრო თვალსაზრისით ძლიერ აზარალა ბარსელონა, რომელიც დისკვალიფიკაციის გამო სერხიო ბუსკეტსსა და არტურო ვიდალს მოისაკლისებს, უსმან დემბელე და სამუელ უმტიტი კი ტრავმირებულები არიან. ფრთხილად უნდა იყოს ლიონელ მესი, რომელსაც კიდევ ერთი ყვითელი ბარათის მიღების შემთხვევაში მომდევნო მატჩის გამოტოვება მოუწევს. იგივე საფრთხის წინაშე დგანან ხსენებული გრიზმანი და პორტუგალიელი ნელსონ სემედუ, ნაპოლის რიგებში კი გაფრთხილებას კალიდუ კულიბალი, ლორენტე და მარიო რუი უნდა ერიდნონ.
საინტერესო ფაქტები
⚽ ბარსელონას ჩემპიონთა ლიგაში ბოლო 7 მატჩია არ წაუგია.
⚽ ნაპოლი ჩემპიონთა ლიგაში უკანასკნელი 7 თამაშია არ დამარცხებულა.
⚽ ბარსელონას მონაწილეობით ჩემპიონთა ლიგის ბოლო 6 მატჩში გოლი ორივე გუნდს გაჰქონდა.
⚽ ბარსელონას ჩემპიონთა ლიგის უკანასკნელ 35 საშინაო მატჩში (2013 წლის სექტემბრიდან) წაგება არ აქვს (31 მოგება, 4 ფრე), აღნიშნული თამაშების 80.65%-ში კი, მინიმუმ ერთბურთიანი ჰანდიკაპით იგებდა.
⚽ ნაპოლიმ სერია A-ს ბოლო 9 ტურში მხოლოდ 2-ჯერ წააგო (5 მოგება, 2 ფრე), თუმცა, ჩემპიონატი მაინც მისთვის მიუღებელ მე-7 პოზიციაზე დაასრულა.
⚽ ნაპოლისთვის პირველი გოლის გატანას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგანაც მათი მონაწილეობით ბოლო 11 მატჩში, რომელიც ფრედ არ დასრულდა, თამაშს სწორედ პირველი გოლის გამტანი იგებდა.
⚽ ნაპოლიმ სერია A-ში გამართული ბოლო 5 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო (1 ფრე, 3 წაგება), 3 პენალტი დაუნიშნეს და 2 გოლი VAR-მა გაუუქმა.
⚽ ლიონელ მესიმ ბარსელონას უკანასკნელი 7 საშინაო მატჩიდან ხუთში გოლის გატანა შესვენების შემდეგ შესძლო.
⚽ დრის მერტენსს ნაპოლის მიერ ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებულ ბოლო ორ საგარეო შეხვედრაში 3 გოლი აქვს გატანილი.
⚽ ბარსელონას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გამართული ბოლო 15 საშინაო მატჩიდან 12 აქვს მოგებული, ამ ეტაპის მიღმა კი, 2004-05 წლების სეზონის შემდეგ არ დარჩენილა.
⚽ ბარსელონას სერია A-ს წარმომადგენლებთან საშინაო მატჩებში 18 მოგება, 6 ფრე და 2 წაგება აქვს. კატალონიელებს იტალიელებთან უკვე 15 თამაშია არ წაუგიათ. მათი ბოლო მარცხი ჩემპიონთა ლიგის 2002-03 წლების სეზონში ფიქსირდება – 1:2 იუვენტუსთან.
⚽ ბარსელონას უეფას ტურნირებზე ორმატჩიანი დუელები საგარეო ფრით 26-ჯერ აქვს დაწყებული და 21 შემთხვევაში, საბოლოო ჯამში, გამარჯვებული გამოდიოდა.
⚽ ბოლო ორ შემთხვევაში, როდესაც ნაპოლიმ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში ითამაშა, ბრძოლას მომავალ ჩემპიონებთან დაპირისპირებაში ეთიშებოდა. 2016-17 წლების სეზონში იტალიელებმა რეალთან წააგეს, 5 წლით ადრე კი – ჩელსისთან.
⚽ ნაპოლის ევროთასებზე წაგებული აქვს ხუთივე ის დაპირისპირება, როდესაც ორმატჩიანი დუელის პირველ შეხვედრას შინ ფრედ თამაშობდა.
სავარაუდო შემადგენლობები
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი – ალბა, ლენგლე, პიკე, სემედო – რაკიტიჩი, დე იონგი, რობერტო – გრიზმანი, სუარესი, მესი.
ტრავმა: დემბელე, უმტიტი.
დისკვალიფიკაცია: ბუსკეტსი, ვიდალი.
ნაპოლი (4-3-3): ოსპინა – ლორენცო, ჰისაი, კულიბალი, რუი – რუისი, დემე, ზელინსკი – კალეხონი, მერტენსი, ელმასი.
ტრავმა: მანოლასი, ინსინიე.
კომენტარები