Thumbnail

'ორმაგი მოტივაცია მქონდა' - მალხაზ ასათიანი რუსეთთან გატანილ გოლს იხსენებს

სანდრო ცნობილაძე პროფილის ფოტო
სანდრო ცნობილაძე

2003 წლის 30 აპრილს, თბილისში, ლოკომოტივის სტადიონზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა რუსეთის ნაკრებს უმასპინძლა და დაამარცხა.

ამ მატჩის ისტორია ჯერ კიდევ 2002 წლის 12 ოქტომბერს დაიწყო. ის შეხვედრა ლოკომოტივის სტადიონის ელექტრო სისტემაში არსებული ხარვეზის გამო, 41-ე წუთზე შეწყდა, გადათამაშება კი დაახლოებით ნახევარი წლის შემდეგ ჩატარდა.

30 აპრილს ეროვნულ გუნდში დებიუტი მალხაზ ასათიანს ჰქონდა, რომლის ერთადერთი გოლითაც საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს ანგარიშით 1:0 სძლია. მატჩის პერიპეტიების გახსენება იმ შეხვედრის გმირს ვთხოვეთ.

POPSPORT:  როგორ გაიხსენებდი რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ იმ თამაშს.

მალხაზ ასათიანი: რუსეთის ნაკრებთან შეხვედრა ორმაგი მოტივაცია იყო. მახსოვს, რომ თამაშამდე რამდენიმე დღით ადრე გაირკვა მაყურებლების საკითხი - სტადიონი ბოლომდე შევსებული მაინც არ იყო, რადგანაც უეფას გადაწყვეტილებით, ქომაგების რაოდენობა ლიმიტირებული უნდა ყოფილიყო. იმ კარის უკან, რომელშიც გოლი გავიტანე, ტრიბუნა ცარიელი იყო, სკამებზე კი დროშა იყო გადაფარული. მაყურებლების დაშვებამ ჩვენი მოტივაცია კიდევ უფრო მეტად აამაღლა.

POPSPORT: კონკრეტულად გოლის ეპიზოდზე რას გვეტყვი?

ასათიანი: თამაშის პირველი წუთები იყო. მარჯვენა ფლანგზე ბურთისთვის აშვეთიამ და დემეტრაძემ იბრძოლეს, საბოლოოდ კი ბურთი დემეტრაძეს დარჩა და მან ჩააწოდა. ისე მოხდა, რომ კართან მარტო დავრჩი და თავით ზუსტად დავარტყი. თავით თამაში ჩემი ძლიერი მხარე არასდროს ყოფილა და თავური დარტყმითაც ბევრი გოლი გატანილი არ მაქვს.

📺 საქართველო 1:0 რუსეთი

POPSPORT:  იმ პერიოდში უკვე მოსკოვის ლოკომოტივში თამაშობდი. კლუბში რომ დაბრუნდი, ამ გოლის გამო რაიმე დისკოფორტი ხომ არ შეგიქმნეს?

ასათიანი: დისკომფორტი არა, მაგრამ მოულოდნელობა კი გადამხდა. ლოკომოტივში ახალი გადასული ვიყავი და თამაში არ მიწევდა. თბილისური მატჩის შემდეგ კი მაშინვე ძირითადში დამაყენეს, თან - ცენტრფორვარდის პოზიციაზე.

POPSPORT: თუმცა, იმავე ლოკომოტივში და შემდეგ უკვე საქართველოს ნაკრებშიც, ცენტრალური მცველის პოზიციაზე გადაგიყვანეს. თავად სად გერჩივნა თამაში?

ასათიანი: ისე მოხდა, რომ ლოკომოტივიდან ცსკა-ში ცენტრალური მცველი იგნაშევიჩი წავიდა და მთავარმა მწვრთნელმა ჩემი უკან დაწევა გადაწყვიტა. ყოველთვის მერჩივნა, რომ "10 ნომრის" პოზიციაზე მეთამაშა, მაგრამ ჩემთვის მთავარი მაინც შედეგი იყო. არ აქვს მნიშვნელობა, სად თამაშობ, მთავარია გუნდს გამოდგე და მას წარმატებაში დაეხმარო.

კომენტარები

ბოლო ამბები