Thumbnail

ისევ ჯვარედინი, ოპერაცია და 6 თვე უქმობა - ფეხბურთს გიორგი ჭანტურიაც ჩამოშორდა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ურალის ქართველი ფეხბურთელი რუბინთან შეხვედრაში დაშავდა.  
  • დღეს ჩატარებულმა გამოკვლევამ სამწუხარო დიაგნოზი აჩვენა.
  • ამავე მიზეზით ცოტა ხნის წინ ოპერაცია ჯანო ანანიძესაც ჩაუტარდა. 

ეკატერინბურგის ურალის ქართველი ფეხბურთელი გიორგი ჭანტურია საოპერაცოა. დღეს ჩატარებულმა სამედიცინო გამოკვლევამ 24 წლის ნახევარმცველის მარცხენა მუხლის ჯვარედინი მყესების დაზიანება გამოავლინა.
  
ჭანტურიამ ტრავმა წინა დღეს, რუსეთის პრემიერლიგის 24-ე ტურის შეხვედრაში მიიღო. მისმა გუნდმა ურალმა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის საგანგებოდ გარემონტებულ "ეკატერინბურგ არენაზე" ყაზანის რუბინთან ფრედ 1:1 ითამაშა. გიორგი თამაშში შეცვლაზე, 74-ე წუთიდან ჩაერთო, 10 წუთში კი დაშავდა და შესაცვლელი გახდა.
 
"უახლოეს მომავალში ფეხბურთელს გერმანიაში ოპერაცია ჩაუტარდება. გამოჯანმრთელების პროცესი დაახლოებით ექვს თვეს გასტანს. ვუსურვებთ გიორგის, მედგრად გადაიტანოს ეს გამოცდა და რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს მოედანს", - ნათქვამია კლუბის პრესსამსახურის მიერ გაკეთებულ განცხადებაში.

"მოგესალმებით ყველას. მინდა, ურალის გულშემატკივრებს, თანაგუნდელებსა და კლუბის ხელმძღვანელობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაგიხადოთ. იმედი მაქვს, იმაზე ძლიერი დავბრუნდები, ვიდრე ვიყავი", - აცხადებს ვიდეომიმართვაში გიორგი.

 შეგახსენებთ, რომ მუხლის ჯვარედინი მყესების დაზიანების გამო რამდენიმე დღის წინ ოპერაცია კიდევ ერთმა ქართველმა ფეხბურთელმა - ჯანო ანანიძემ გაიკეთა.

ჭანტურია ურალის ღირსებას 2016 წლიდან იცავს. მიმდინარე ჩემპიონატში მან 18 შეხვედრაში ითამაშა, მის ანგარიშზე კი 3 გოლი და ერთი საგოლე პასია.

24 ტურის შემდეგ მოპოვებული 29 ქულით ურალი პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მერვე ადგილზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები