Thumbnail

რეალის ფორვარდი კორონავირუსისგან განიკურნა - ვარჯიში ჯერ ადრეა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • მარიანო დიასის ბოლო ტესტმა ინფექციაზე უარყოფითი პასუხი აჩვენა
  • 27 წლის ფეხბურთელი რეალს მანჩესტერ სიტისთან მაინც ვერ დაეხმარება

მადრიდის რეალის თავდამსხმელი მარიანო დიასი კორონავირუსისგან განიკურნა. როგორც ესპანური მედია იუწყება, 27 წლის ფეხბურთელის ბოლო ტესტმა COVID 19-ზე უარყოფითი პასუხი აჩვენა.

დომინიკის ნაკრების ფეხბურთელს ინფექცია ტესტირების შედეგად გამოუვლინდა, რომელიც ივლისის ბოლოს ჩაუტარდა. დიასი თავს კარგად გრძნობდა, თუმცა ავადმყოფობის პერიოდში თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და გუნდის საწვრთნელ პროცესში არ მონაწილეობდა.

იმისათვის, რომ დიასმა ვარჯიში განაახლოს, სამედიცინო პროტოკოლის თანახმად, მისი კიდევ რამდენიმე ტესტი ინფექციაზე უარყოფითი უნდა აღმოჩნდეს. ვითარებას ართულებს ის, რომ ფეხბურთელის ოჯახის ზოგიერთ წევრს ტესტზე პასუხი ჯერ კიდევ დადებითი აქვს.

მარიანო დიასმა 2019/20 წლების სეზონის ყველა ტურნირში რეალის 7 შეხვედრაში ითამაშა და 1 გოლი გაიტანა. ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

მადრიდის რეალი, რომელიც ცოტა ხნის წინ ესპანეთის ჩემპიონი გახდა, ჩემპიონთა ლიგის ⅛-ფინალის საპასუხო მატჩში მანჩესტერ სიტის დაუპირისპირდება. პირველ მატჩი ზინედინ ზიდანის გუნდმა შინ ანგარიშით 1:2 წააგო. 

კომენტარები

ბოლო ამბები