Thumbnail
  • ბელგიური კლუბის ვეტერან ნახევარმცველს ქართველი თანაგუნდელის იმედი აქვს
  • ჩაკვეტაძისა და ქვილითაიას გენტი სეზონს 9 აგვისტოს სენტ ტრუიდენთან მატჩით იწყებს

ბელგიური გენტის 32 წლის ნახევარმცველმა სვენ კუმსმა მომავალი სეზონის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ კანადელი ჯონათან დევიდის წასვლის შემთხვევაში, გუნდის ლიდერობის თავის თავზე აღება ქართველ ტალანტ გიორგი ჩაკვეტაძეს შეუძლია. აი, რა უთხრა ბელგიელმა ფეხბურთელმა Voetbal24-ს:

“ცხადია, დევიდი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და კარგი იქნება, თუკი დარჩება, თუმცა, მისი წასვლის შემთხვევაში, სულაც არ ვთვლი, რომ ჩვენს საჩემპიონო ამბიციებზე უარი უნდა ვთქვათ. გენტში არიან ბიჭები, რომელთაც მისი შეცვლა შეუძლიათ. მაგალითად, რომან ბეზუსი ან გიორგი ჩაკვეტაძე”.

ბელგიის ჟუპილერ ლიგა ერთ-ერთი იყო, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო, აღარ განახლდა. საბოლოო ცხრილად მიმდინარე დამტკიცდა, რომელშიც გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქვილითაიას გენტი მე-2 ადგილზე იმყოფებოდა. ქართველების გუნდი ახალ სეზონს 9 აგვისტოს სენტ ტრუიდენთან სტუმრობით იწყებს, 15-16 სექტემბერს კი, ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი ელის. რაც შეეხება ხსენებულ დევიდს, რომლის სატრანსფერო ფასიც 30 მილიონ ევრომდეა, დიდი ალბათობით, კარიერას ფრანგულ ლილში განაგრძობს.

კომენტარები

ბოლო ამბები