Thumbnail
  • მან უკვე ყველაფერი მოიგო - ლაშა ტალახაძე ისევ გამარჯვებულია.
  • 18 წლამდელებმა ჯადოსნური წრე დაარღვიეს - ევროპის ჩემპიონი ქართველი მორაგბეები.
  • მედალთცვენა თბილისის გრან პრიზე...

popsport.com გთავაზობთ უკვე ტრადიციად ქცეულ თვის TOP-5 მოვლენას ქართულ სპორტში, რომლებსაც, ამჯერად, ბონუსად ერთიც დავუმატეთ. აქვე აუცილებლად უნდა განვმარტოთ, რომ ძიუდოს საერთაშორისო ტურნირიც, ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატიცა და ევროპის 22-წლამდელთა პირველობა კრივში 1-ელ აპრილს დასრულდა, თუმცა ეს მოვლენები მაინც მარტს მივაკუთვნეთ, რაც სავსებით ლოგიკურია.

► თებერვლის TOP-5 მოვლენა ქართულ სპორტში

► იანვრის TOP 5 მოვლენა ქართულ სპორტში

1. ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში - საქართველოს სრული ტრიუმფი

ლაშა ტალახაძე ევროპის სამგზის ჩემპიონია

რუმინეთის დედაქალაქი ბუქარესტი ერთი კვირის განმავლობაში შეჰყურებდა ქართულ ტრიუმფს ძალოსნობის ფიცარნაგზე - ოთხი ქართველი ძალოსანი შინ ევროპის ჩემპიონის ტიტულით ჩამოვიდა. თუკი ლაშა ტალახაძის ზედიზედ მესამე ჩემპიონობა კონტინენტზე და ანასტასია გოტფრიდის ტრიუმფი არავის გაკვირვებია, გაგვახარა შოთა მიშველიძეს ოქროს მედალმა, განსაკუთრებით, მოულოდნელი კი 19 წლის რეზი დავითაძის ჩემპიონობა იყო. ამ ასაკში ევროპის ჩემპიონი ქართველი აქამდე არ გამხდარა. 

საერთო ჯამში გიორგი ასანიძის გუნდმა 15 მედალი მოიპოვა - 10 ოქრო, 3 ვერცხლი და 2 ბრინჯაო. 

2. უმცროსი "ბორჯღალოსნები" ევროპას იპყრობენ

18-წლამდელთა გუნდი ევროპის ჩემპიონია

რაგბი ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატში ზედიზედ მე-4-ედ გავიდა საქართველოს ნაკრები და ზედიზედ მეოთხედ შეხვდა იქ საფრანგეთის ნაკრებს, მაგრამ ჩავლეიშვილის გუნდმა ნავსი გატეხა - პოლონეთში ფინალშიც იმარჯვა, საფრანგეთის ნაკრებს 8:3 მოუგო. ამ ასაკობრივ კატეგორიაში საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონი ისტორიაში პირველად გახდა. ფინალამდე "ბორჯღალოსნებმა" ჰოლანდიისა და პორტუგალიის ნაკრებები დაამარცხეს. 

3. ტიტული დაბრუნებულია - ბორჯღალოსნების მორიგი ტრიუმფი

ბოლო 9-დან 8 ტურნირი "ბორჯღალოსნებმა" მოიგეს

რაგბი ევროპის ჩემპიონატის (მანამდე ერთა თასი) ბოლო 9 ტურნირიდან 8 საქართველოს ნაკრებმა მოიგო. თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ მილტონ ჰეიგის გუნდი ამ ტურნირისთვის უკვე გადაიზარდა. თანაც, წლეულს ჩვენმა ნაკრებმა ტიტული "სლემით" ანუ ყველა თამაშის მოგებით დაისაკუთრა. ბოლო აკორდი იყო 18 მარტის რევანში რუმინეთზე - 25:16. 

4. მედალთცვენა თბილისში

2010 წლის მერე პირველად - 4 ქართველი პოდიუმზე

თბილისის გრან პრიზე ქართველთა უპირატესობა აშკარა იყო - ვაჟთა 7 წონიდან 5-ში მასპინძლებმა იმარჯვეს. დიდ წარმატებას მივაღწიეთ ქალთა შორისაც, სადაც 17 წლის მარიამ ჭანტურიამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

საერთო ჯამში 5 ოქრო, 3 ვერცხლი და 6 ბრინჯაო საქართველოში დარჩა. 2010 წლის მერე სრულიად ქართული კვარცხლბეკიც კი ვიხილეთ, თუმცა ამ ტურნირში უფრო ძლიერ შემადგენლობას ველოდით. 

5. წყალბურთელები - მესამედ ევროპაზე

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები "სიკვდილის" ჯგუფში მოხვდა

3 მარტს ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის საპასუხო მატჩში რევაზ ჩომახიძის ნაკრებმა საპასუხო მატჩიც მოუგო ისრაელის ნაკრებს - 11:10 და მიუხედავად იმისა, რომ პლეი ოფში მეტოქე იყო განთესილი, მას დიდი უპირატესობით აჯობა და ზაფხულში ბარსელონაში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ბარსელონაში ჩვენი მეტოქეები ჯგუფში იტალია, უნგრეთი და გერმანია იქნებიან. 

ბონუსი. კარგი თამაშიც, მოგებებიც...

გიორგი ჩაკვეტაძეს შესანიშნავი დებიუტი გამოუვიდა

ვლადიმირ ვაისის გუნდმა ისე ითამაშა თბილისში გამართულ ორ ამხანაგურ მატჩში, რომ გულშემატკივრებს ერთა ლიგისთვის იმედები ჩაესახათ - 24-ში საქართველოს ნაკრებმა 4:0 გაანადგურა ლიტვა, ამ თამაშში დებიუტანტმა გიორგი ჩაკვეტაძემ გაიბრწყინა, ხოლო სამ დღეში ესტონეთთან 2:0 მოგებულ შეხვედრაში ვაკო ყაზაიშვილის სუპერგოლი ვიხილეთ. 

TOP-5-ის მიღმა

ოთხი მედალოსანი მოკრივე

ქართველმა მორკივეებმა ბრწყინვალედ იასპარეზეს რუმინეთში ევროპის 22-წლამდელთა ჩემპიონატზე. ლაშა გურული ევროპის ჩემპიონი გახდა, გარდა ამისა, 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაოც ვირგუნეთ.

ლევან გორგაძეს (ტოჩინოშინი) ამჯერად, იმპერატორის თასი არ მოუგია, მაგრამ ტრავმის მიუხედავად, შესანიშნავად იასპარეზა (10-5) და ბრწყინვალე ასპარეზობის პრიზიც მიიღო "გაზაფხულის ბაშოზე".

გენო პეტრიაშვილმა ბულგარეთის საერთაშორისო ტურნირზე იმარჯვა, სადაც საქართველომ 1 ოქროს გარდა, 3 ვერცხლი და 5 ბრინჯაო მოიპოვა. 

იტალიაში სოფიო შაფათავასა და ეკა გორგოძის წყვილმა 25-ათასიანი ტურნირი მოიგო ჩოგბურთში.

თანამემამულეებს არც მარიამ ბოლქვაძე ჩამორჩა, რომელმაც ასევე წყვილებში იმარჯვა ეგვიპტურ ტურნირში (15 ათასი). 

მეტს ველოდით

მეტს კი არა, გაცილებით მეტს ველოდით ქართველი მოჭადრაკეებისგან, რომელთაც ბათუმში ევროპის ჩემპიონატი ჩააგდეს. საუკეთესო ქართველი ქვეყნის ჩემპიონი მიხეილ მჭედლიშვილი იყო, რომელიც 53-ე ადგილზე გავიდა, ხოლო ერთ-ერთი ფავორიტი ბაადურ ჯობავა საბოლოოდ 136-ე პოზიციაზე გავიდა!

მართალია, ნიკოლოზ ბასილაშვილმა წაგებათა სერია შეწყვიტა, მაგრამ ერთი მოგება საქმეს ვერ შველის, იგი რეიტინგში ადგილს სწრაფად კარგავს.

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა შინ ძლივს მოუგო ფარერის კუნძულების გუნდს და მხოლოდ ფრეს დასჯერდა დანიასთან მატჩში. ეს ორი შედეგი კარგი იქნებოდა, გუნდს შინ რომ არ ჩაეტარებინა. 

კომენტარები

ბოლო ამბები