Thumbnail

21 წლის ქართველმა კალათბურთელმა სანდრო მამუკელაშვილმა კიდევ ერთხელ განმარტა დეტალები, რის გამოც NBA-ს წლევანდელი დრაფტიდან კანდიდატურის მოხსნა გადაწყვიტა და მომავალ სეზონსაც NCAA-ს წევრ სეტონ ჰოლში გაატარებს. როგორც ქართველმა ფორვარდმა TheSetonian-ს უთხრა, მის გადაწყვეტილებაში დიდი როლი სეტონ ჰოლის მთავარმა მწვრთნელმა კევინ ვილარდმა და გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა მაილს პაუელმა ითამაშეს.

“მწვრთნელ ვილარდსაც მხოლოდ ის სურდა, რაც ჩემი კარიერისთვის იქნებოდა საუკეთესო. ამიტომაც, ორივე ვარიანტი განვიხილეთ: გუნდიდან წასვლაც და დარჩენაც. ის ჩემს დარწმუნებას არაფერში ცდილობდა. უბრალოდ მითხრა, რომ გადაწყვეტილება გულით მიმეღო და რა ნაბიჯიც არ უნდა გადამედგა, ჩემს გვერდში იქნებოდა. მისივე თქმით, თუკი სეტონ ჰოლში დავბრუნდებოდი, გუნდის ლიდერის როლი უნდა მომერგო და სხვა ბიჭებისთვის მაგალითი მიმეცა. წასვლის შემთხვევაში, მზად უნდა ვყოფილიყავი პროფესიონალ მოთამაშის სტატუსისთვის. მაილს პაუელმაც კარგი რჩევები მომცა. მითხრა, რომ დაბრუნების შემთხვევაში, არ ვინანებდი. თავის დროზე, სენიორის სტატუსის რანგში გუნდში ისიც დარჩა და ახლაც თვლის, რომ სწორად მოიქცა. მაილსს ჩემი სჯერა და დარწმუნებულია, რომ გაცილებით მეტს მივაღწევ. მან ყველაფერი მომიყვა თავის დროზე რა და როგორ გაიარა და ეს საუბარი ძალიან დამეხმარა”.

მამუკელაშვილს წინასწარი გასაუბრება NBA-ს 20-მდე კლუბის წარმომადგენლებთან ჰქონდა და იყო შანსი, ის მე-2 რაუნდში წელსვე აერჩიათ, თუმცა, მაინც მოცდა ამჯობინა. სანდროს თქმით, მისი შესაძლებლობების გამო კომპლიმენტებიც მიიღო, თუმცა, იყო კონსტრუქციული შენიშვნებიც და მისთვის ყველაზე საინტერესო სწორედ ეს გახლდათ, რადგანაც აღნიშნული განვითარებაში დაეხმარება. ქართველი კალათბურთელის თქმით, NBA-ს წარმომადგენელთა უმეტესობა მას ორ რამეზე ურჩევდა ყურადღების გამახვილებას: ესენი პროფესიონალიზმი და ლიდერის თვისებებია.

“მომავალი სეზონისთვის მართლაც განსაკუთრებით ვემზადები და ეს, მხოლოდ კალათბურთს არ ეხება. საუბარი მაქვს დიპლომზე, რომელიც აუცილებლად უნდა ავიღო. ჩემს ოჯახში სათანადო განათლებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ და არ მინდა, მათ იმედები გავუცრუო. იმედი მაქვს, სეზონიც კარგი მექნება და ამისთვის, ხელისშემშლელი პირობები არ უნდა იყოს. ამისთვის, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, რომ ნიღბები ატარონ და უსაფრთხოების წესები მაქსიმალურად დაიცვან”.

შეგახსენებთ, რომ მამუკელაშვილი სეტონ ჰოლს 2017 წელს ფლორიდული მონტვერდეს აკადემიიდან შეუერთდა და მას შემდეგ საგრძნობი პროგრესი აქვს. სანდრო პირველ სეზონში საშუალოდ 2.6 ქულას აკეთებდა, მეორეში – 8.9-ს, ახლა კი, თამაშში 11.9 ქულა ჰქონდა. გასულ სეზონში ქართველი კალათბურთელი ბიგ ისთის კონფერენციის მესამე სიმბოლურ ხუთეულში აირჩიეს.

კომენტარები

ბოლო ამბები