Thumbnail

ჯანო ანანიძის როტორში ტრანსფერი რუსული კლუბის ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა. ქართველმა ვოლგოგრადელთა ვებგვერდს პირველი ინტერვიუც მისცა და კლუბში გადასვლის მიზეზებზე ისაუბრა...

როტორი: როგორ შეიტყვეთ კლუბის თქვენით დაინტერესის შესახებ?

ჯანო ანანიძე: იმ მომენტში საქართველოში ვიყავი და ტელეფონით შევიტყვე. გადაწყვეტილება მაშინვე არ მიმიღია, ვფიქრობდი. კარიერის გასაგრძელებლად სხვა ვარიანტებიც მქონდა საქართველოდან და თურქეთიდან, მაგრამ მხოლოდ როტორმა გააკეთა ოფიციალური შეთავაზება. მოლაპარაკებები დაიწყო და რუსეთში დაბრუნება გადავწყვიტე. ეს ჩემპიონატი ჩემთვის ნაცნობია, რუსეთში გავიზარდე, როგორც ფეხბურთელი: აქ 15 წლიდან ვთამაშობდი და 11 წელი სპარტაკში ვითამაშე. ახლა ჩემთვის ყველაფერი ნულიდან იწყება, ვფიქრობ, ტრავმებიც დასრულდა. მინდა ვითამაშო, ფორმაში შევიდე და იგივე დონეზე დავბრუნდე. ძალიან მიხარია ამ კლუბში ყოფნა.

როტორი: ოდესმე ვოლგოგრადში ყოფილხართ?

ანანიძე: არა, პირველად ვარ. როდესაც სპარტაკში ვთამაშობდი, როტორი პრემიერლიგაში არ იყო და არ მქონდა აქ ჩამოსვლის შანსი. ახლა შევძელი ქალაქში ცოტა გასეირნება, სუფთა და კარგია.

როტორი: ჩვენი გუნდის ფეხბურთელებს იცნობთ?

ანანიძე: ბექა მიქელთაძეს კარგად ვინცობ, ვესაუბრე მას და გუშინ ვნახე კიდეც. თქვენს ინსტაგრამზე ვადევნებ ფოტოებს თვალს და არიან ნაცნობი სახეები, თუმცა, პირადად მაშინ გავიცნობ ყველას, როდესაც გუნდს შევუერთდები.

როტორი: უფრო ადვილი იმ გუნდში გადასვლა, სადაც ქართველი თამაშობს?

ანანიძე: დიახ. როდესაც სპარტაკში ვიყავი, კლუბმა გიორგი ჯიქია დაიმატა. მე მას შევხვდი და, რა თქმა უნდა,მისთვის ადაპტირება უფრო ადვილი იყო. იმედი მაქვს, მიქელთაძეც ყველაფერს ამიხსნის. აქ ნიკა ყიფიანიც თამაშობს, მაგრამ მას პირადად არ ვიცნობ.

როტორი: როტორი პრემიერლიგაში დაბრუნდა, თქვენც დაბრუნდით. რა მიზნებს ისახავთ?

ანანიძე: ფეხბურთი ძალიან მენატრება! კვიპროსში ვიყავი, მაგრამ პანდემია დაიწყო და 3-4 თვის განმავლობაში ყველაფერი შეჩერდა. ველოდი ოფიციალურ შეთავაზებას, რომ რაც შეიძლება მალე დამეწყო ვარჯიში და თამაში, რადგან ფეხბურთი მენატრება. უფრო მეტიც, ოქტომბერში საქართველოს ბელარუსთან მნიშვნელოვანი თამაში ელოდება და მინდა სწრაფად აღვდიგინო ფორმა, რათა როტორსა და ეროვნულ ნაკრებს დავეხმარო.

ჯანო ანანიძეს ბელარუსთან მატჩისთვის კარგ ფორმაში ყოფნა სურს

როტორი: ახლა როგორ ფორმაში ხართ?

ანანიძე: შემიძლია ვთქვა, რომ ოპტიმალური ფორმის 30%-ზე. სახლში ვვარჯიშობდი, მაგრამ ეს არ არის იგივე, როგორც გუნდთან და მწვრთნელან ერთად. ოპტიმალურ მდგომარეობაში შესვლას 2 კვირა სჭირდება, მაქსიმუმ სამი. იმედი მაქვს, გუნდიც დამეხმარება ამაში.

როტორი: სპარტაკი, რომელშიც კარიერის უმეტესი ნაწილი გაატარეთ, 90-იან წლებში როტორის მთავარი მეტოქე იყო. პრინციპული იქნება თქვენთვის ამ გუნდების დაპირისპირებები?

ანანიძე: პრინციპული ნამდვილად არ იქნება. სპარტაკი ლამაზად დავტოვე, ყველაფერი ურთიერთშეთანხმებით მოხდა. სპარტაკი უკვე წარსულია, მას ვერაფერს დავუმტკიცებ, მე როტორში მაქვს დასამტკიცებელი, რომ თამაშს ვიმსახურებ. იქ ბევრი მეგობარი მყავს, მსურს მათთან შეხვედრა, მაგრამ ფეხბურთში დასამტკიცებელი არაფერია.

როტორი: როსტოვთან თამაში ცალკე არ დგას? ამჟამად ამ გუნდს ვალერი კარპინი წვრთნის.

ანანიძე: არა, იქ ერთი სეზონი გავატარე 2013/14 წლებში, შემდეგ კი 6 თვე იჯარი სამარაში ვიყავი. ვალერი კარპინმა, როდესაც სპარტაკს ხელმძღვანელობდა, პირველ გუნდში დამაწინაურა, მასთან დასამტკიცებელი არაფერი მაქვს. ჩემთვის მთავარია საკუთარ თავს დავუმტკიცო, ფორმაში ვიყო, კარგად ვითამაშო და როტორს დავეხმარო მიზნის მიღწევაში.

როტორი: ალბათ უკვე გსმენიათ ჩვენი ქომაგების მხურვალე მხარდაჭერის შესახებ..

ანანიძე: კი, გავიგე. ვნახე რამდენიმე ვიდეო, სადაც ტრიბუნებზე 20-30 ათასი მაყურებელია. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვენლოვანია, რადგან ჩვენ მათთვის ვთამაშობთ. ახლა ფეხბურთი უმაყურებლოდ მიმდინარეობს და ყურებაც კი არ მსურს. თუ ტრიბუნებზე არავინაა, არაფერს აზრი არ აქვს. ვიცი, რომ აქ ერთგული გულშემატკივრები არიან და ძალიან ბედნიერი ვარ, მივესალმები ყველას. რა თქმა უნდა, ახლა შეზღუდვებია, მაგრამ იმედია რამდენიმე ტურში სტადიონი გაივსება, რადგან მინდა სავსე სტადიონის წინაშე თამაში. ასე, რომ იქნება, ეჭვი არ მეპარება, მთავარია ეს ნებადართული იყოს.

შეგახსენებთ, რომ როტორის ღირსებას ჯანოს გარდა ბექა მიქელთაძე და ნიკა ყიფიანი იცავენ. ვოლგოგრადული გუნდი რუსულ პრემიერლიგას 16-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა და პირველ ტურში 11 აგვისტოს, სანქტ-პეტერბურგის ზენიტს შეხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები