Thumbnail

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა "ტაიმაუტში" ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოს და ბელარუსის ეროვნული ნაკრებების შეხვედრის საორგანიზაციო საკითხებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველაზე რთული აშშ-ში მოთამაშე ქართველი ლეგიონერების – გურამ კაშიასა და ვაკო ყაზაიშვილის (ორივე სან ხოსეს წევრია) ჩამოყვანა იქნება.

“სანაკრებო თამაშებზე პრობლემა ფეხბურთელების ჩამოსვლაა. ლაპარაკია იმ ქვეყნებში მყოფ მოთამაშეებზე, სადაც საზღვრები გახსნილი არაა. მაგალითად, ჯერ არ ვიცით, როგორ მოხერხდება ფეხბურთელების ამერიკიდან ჩამოსვლა. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ნაკრებში გამოძახებულები შეკრებაზე დროულად გამოცხადდნენ. მაგრამ უეფას მიდგომაა, რომ ვინც ჩამოვა, ისინი ვათამაშოთ, რადგან მატჩების გადადებას არ დაუშვებს. არსებული ვითარების გამო, უეფას ახალი მოთხოვნაა ისიც, რომ გასვლით მატჩზე ჩარტერული რეისით წავიდეთ. ანუ ფეხბურთელები ჯერ საქართველოში უნდა ჩამოვიდნენ, ვუზრუნველვყოთ მათი ტესტირება და თამაშის წინა დღეს შეგვიძლია ჩასვლა“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ბელარუსს ევრო 2020-ის პლეი ოფის ნახევარფინალში უნდა დაუხვდეს. ეს თამაში ჯერ კიდევ 26 მარტს უნდა გამართულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიამ რამდენჯერმე გადადო. ბოლო ინფორმაციით, მატჩი "დინამო არენაზე" 8 ოქტომბერს გაიმართება. დაესწრება თუ არა ამ თამაშს მაყურებელი, ჯერჯერობით, უცნობია.

კომენტარები

ბოლო ამბები