Thumbnail
  • ევროლიგის ოფიციალურმა საიტმა თორნიკე შენგელია გამოარჩია.
  • საშუალოდ 10.8 ქულა, 6.6 მოხსნა და 2.8 პასი მარტის თვეში.
  • ქართველი კალათბურთელი თვის MVP პირველად გახდა.

ევროლიგამ მარტის თვის ყველაზე სასარგებლო მოთამაშედ (MVP) ბასკონიას ქართველი კაპიტანი თორნიკე შენგელია დაასახელა.

მარტში ბასკონიამ ევროლიგის რეკორდი დაამყარა - ზედიზედ 6 მატჩი მოიგო, თორნიკემ კი ამ ექსვი შეხვედრიდან ხუთში გადამწყვეტი როლი ითამაშა, ერთი კი მცირე ტრავმის გამო გამოტოვა. 

ამ სერიის პირველ მატჩში თორნიკემ სულაც ორმაგი დუბლი შეასრულა, მარტის თვეში კი მისი მარგი ქმედების საშუალო კოეფიციენტი გუნდში ყველაზე მაღალი, 17 იყო. 

თორნიკე შენგელია პირველი ქართველია, ვინც ევროლიგის თვის MVP გახდა.

თორნიკე ევროლიგის 29 მატჩში საშუალოდ მოხსნებში მე-4 ადგილზეა, თუმცა მარტში იგი მე-2 იყო. 

"სწორედ შენგელიას დამსახურებაა, რომ ბასკონია პლეი ოფში ითამაშებს. ეს კი თვის დასაწყისში ძნელადწარმოსადგენი ჩანდა", - წერს ევროლიგის ოფიციალური საიტი.

მართლაც, მარტის დასაწყისში ბასკონიას 10-13 ბალანსი ჰქონდა და ორი მოგებით ჩამორჩებოდა ბოლო საპლეიოფო ადგილს (მერვე). 

1-ელ მარტს რუსულმა ხიმკიმ სწორედ ბასკონიასთან შეწყვიტა 3-მატჩიანი მოგებათა სერია, ბასკურმა კლუბმა 87:77 იმარჯვა, შენგელია კი 15 ქულითა და 15 მოხსნით კარიერაში მეორედ გახდა ევროლიგის კვირის MVP. 

თორნიკე შენგელია ევროლიგაზე მარტში - 10.8 ქულა, 6.6 მოხსნა, 2.8 პასი. 

ერთი კვირის შემდეგ შენგელიამ ვალენსიასთან სასწაულებრივ შემოტრიალებულ თამაშში (81:71) 7 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. თორნიკემ ჟალგირისთან 84:64 მოგება ტრავმის გამო გამოტოვა, მაგრამ ის ბამბერგთან 103:79 მოგებულ მატჩში დაბრუნდა, 12 წუთი ითამაშა, თუმცა 11 ქულის ჩაგდება მოახერხა.

სულ რაღაც 48 საათის შემდეგ ბასკონიამ ბარსელონა მის მოედანზე 86:73 დაამარცხა. ქართველი ფორვარდის ანგარიშზე 12 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასია.

ბასკონიასთვის სუპერთვე მაკაბისთან 83:72 მოგებით დასრულდა. თორნიკემ 9 ქულა, 7 მოხსნა და 3 პასი მიითვალა.

► MVP ქართულად | ისტორია, რომელიც ევროლიგაში ზაზა ფაჩულიამ დაიწყო

კომენტარები

ბოლო ამბები