Thumbnail
  • 'თუ რომელიმე ქვეყანა თამაშს ვერ ჩაატარებს, უეფა-ში ჩვენ კანდიდატურას განიხილავენ'
  • 'უეფა ქომაგების მცირე რაოდენობას ჩვენთან გასამართ ევროთასების მატჩებზეც დაუშვებს'
  • ლევან კობიაშვილმა პანდემიით გამოწვეული პრობლემების შესახებ პირველ არხთან ისაუბრა

საქართველომ, შესაძლოა, სხვა ქვეყნების ეროვნული ნაკრებებისა და გუნდების თამაშებს უმასპინძლოს. ეს ინფორმაცია სფფ-ს პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა “ტაიმაუტში“ გააჟღერა. მისი განცხადებით, უეფა-ს გეგმა “ბ“ გააჩნია, რომლითაც სანაკრებო თამაშები ჩატარდება და საქართველოს იმედი აქვს, რომ პრობლემურ თამაშებს უმასპინძლებს.

“უეფა-ს ერთ-ერთი გეგმა აქვს და ჩვენთანაც ჰქონდათ ამის თაობაზე კომუნიკაცია. ორგანიზაციას საქართველოს იმედიც აქვს იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მხარე თამაშის ჩატარებას ვერ უზრუნველყოფს ანუ თუ მასპინძელი შეხვედრის ორგანიზებას ვერ მოახერხებს, ხოლო სტუმარი – ჩასვლას. ასეთ შემთხვევაში, უეფაში ფიქრობენ, მატჩი რომელიმე სხვა ქვეყანაში ჩატარდეს. უეფა ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე მოხსენებას სულ გვთხოვს. იცით, რომ ასეთი თამაშების მასპინძლობის სურვილი კვიპროსმა გამოხატა და უეფა-ს ამ საკითხზე კომუნიკაცია ჩვენთანაც ჰქონდა. თუმცა, ეს საკითხი მარტო ჩვენი გადასაწყვეტი არ არის, რადგან რისკები არსებობს. გააჩნია, რომელი ქვეყნების გუნდებსა და ნაკრებებზე იქნება ლაპარაკი. მაგალითად, ყაზახეთში რთული ვითარებაა. მაგრამ ესაა უეფა-ს გეგმა “ბ“, თუ რომელიმე ქვეყანა თამაშს ვერ უმასპინძლებს, მაშინ ჩვენ კანდიდატურას განიხილავენ. ეს ჩვენი ქვეყნის იმიჯზეც დადებითად აისახება”.

კობიაშვილისვე განცხადებით, ევროტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩების საქართველოში გამართვის შემთხვევაში, შესაძლოა, უეფა-მ ტრიბუნებზე მაყურებელი დაუშვას.

“ჩვენც და უეფა-ც დაინტერესებულები ვართ, რომ სტადიონზე ხალხი შევიდეს. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი პრეცედენტია, რომ შიდა ჩემპიონატში მაყურებელი თამაშებს ესწრება. ეს წინგადადგმული ნაბიჯია. ეს განაპირობებს იმას, რომ უეფა მაყურებლების გარკვეულ რაოდენობას ევროთასების მატჩებზე დაუშვებს, მაგრამ შემოდგომისთვის, როდესაც სანაკრებო თამაშებია დაგეგმილი, რა ვითარება იქნება, ჯერ უცნობია. იმედია, უკეთესი ვითარება გვექნება და სტადიონებს უფრო გავხსნით“.

როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა აღნიშნა, ქვეყანაში დაგეგმილი ყველა ტურნირი შეფერხების გარეშე გაიმართება.

“ჩემპიონატი განვაახლეთ და მიმაჩნია, რომ ეს სპორტის სხვა სახეობებისთვის მოტივაციაა. გულშემატკივრისთვის სტადიონზე დასწრება ძალიან მნიშვნელოვანია. მანამდე ყველამ იხილა, რომ ხალხი სტადიონის გარშემო იკრიბებოდა, სახურავებზე და ღობეებზე ადიოდა. ეს უსაფრთხო ვერ იქნება. მეორეც – ასეთ სიტუაციაში ხალხი ერთმანეთთან უფრო კონტაქტშია. ამაზე ხელისუფლებასთან და სპეციალისტებთან ვისაუბრე და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სტადიონზე ხალხი დაგვეშვა, რაც წინგადადგმული ნაბიჯია. ახლა უკვე მიმდინარეობს ეროვნული ლიგის, ლიგა 2-ის, ლიგა 3-ის გათამაშებები და ფუტსალის ჩემპიონატი. მალე ყველა სხვა ტურნირი განახლდება, მათ შორის, მოყვარულთა ჩემპიონატი“.

სამაგიეროდ, კობიაშვილის თქმით, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული მდგომარეობა სერიოზულ პრობლემას უქმნის უეფას ტურნირებისა და მატჩების ორგანიზებაში.

“უეფას ხელმძღვანელობა ამ ყველაფერს (პანდემიის შემდგომ ფეხბურთში დატრიალებულ მოვლენებს) ძალიან განიცდის და დიდ გაურკვევლობაშია. ზოგიერთ ქვეყანაში მდგომარეობა გაუარესდა. მალე უეფას ვიდეოკონფერენცია გაიმართება და მას შემდეგ ბევრი რამ გვეცოდინება. პირველი – შეხვედრას გუნდი როგორ უმასპინძლებს. ეს იქნება ერთმატჩიანი დაპირისპირება, მაგრამ უეფას პრობლემას მგზავრობის საკითხებში არსებული გაურკვევლობა უქმნის, რადგან ბევრ ქვეყანას ერთმანეთთან საზღვრები არ აქვს გახსნილი. რასაკვირველია, სპორტული კუთხით გვირჩევნია, რომ თამაშებს ვუმასპინძლოთ. პრობლემები გასვლის შემთხვევაშიც იქნება და სტუმრის მიღების დროსაც – მათი ჩამოყვანა, მატჩის ორგანიზება, გუნდის დახურულ სივრცეში დაბინავება, ტესტირება და ა.შ. ადვილად მოსაგვარებელი არ იქნება. ამიტომ ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. ფეხბურთელების დაინფიცირების შემთხვევაში, უეფას ზოგადი გადაწყვეტილების მიღება ძალიან გაუჭირდება, რადგან ყველა ქვეყანას თავისი რეგულაცია გააჩნია. უეფა დიდი პრობლემის წინაშე დგას. ევროთასების წილისყრა 9 და 10 აგვისტოსაა, თამაშები კი 17-18 და 27 აგვისტოს ტარდება. ანუ საორგანიზაციო, სავიზო და გადაადგილების პრობლემების მოსაგვარებლად მასპინძელ მხარეს სულ რაღაც 10-დღიანი შუალედი აქვს. მოკლედ, ბევრი რამ იქნება მოსაგვარებელი“.

ტაიმაუტი - ლევან კობიაშვილი

⚽ ლევან კობიაშვილი სტუმრად ვლადიმერ გუცაევთან #ინტერვიუ #ტაიმაუტი

Posted by საქართველოს პირველი არხი • სპორტი on ხუთშაბათი, 06 აგვისტო, 2020

კომენტარები

ბოლო ამბები