Thumbnail

მოსკოვის ლოკომოტივის ყოფილი მთავარი მწვრთნელი იური სიომინი გუნდიდან ჯეფერსონ ფარფანის წასვლას გამოეხმაურა და ამჯერადაც არ გაუშვა შანსი, რათა ექს-კლუბის სატრანსფერო პოლიტიკა გაეკრიტიკებინა, ამასთან დაკავშირებით კი, ხვიჩა კვარაცხელიას ამბავი გაიხსენა.

“ჯეფ, არ გეწყინოს. ამათ ხვიჩაც კი არ დაიტოვეს. განაგრძე კარიერა და ქომაგები გაახარე. შენ ჩვენი ჩემპიონატის მშვენება იყავი”, - დაწერა სიომინმა სოციალურ ქსელში და თან პერუელ თავდამსხმელთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.

სიომინს ქართველი ტალანტი ტყუილად არ უხსენებია. კვარაცხელია 2018-19 წლების სეზონში იჯარის წესით სწორედ ლოკომოტივში თამაშობდა, შემდეგ კი, კლუბსა და მას შორის შეთანხმება ვერ მოხერხდა და კარიერა ყაზანის რუბინში გააგრძელა, სადაც მოკლე ხანში ერთ-ერთ ლიდერად იქცა. სიომინი ხვიჩას გასხვისების წინააღმდეგი იყო და ამის გამო მოსკოვური კლუბის ხელმძღვანელობასთან კონფლიქტიც მოუვიდა, რაც საბოლოოდ, მისი გუნდიდან წასვლით დასრულდა.

რაც შეეხება ფარფანს, მან ლოკომოტივის მაისურით 69 მატჩი ჩაატარა და აქტივში 25 გოლი და 12 საგოლე პასი ჰქონდა. “რკინიგზელთა” მაისურით მან რუსეთის თასი 2-ჯერ მოიგო, 2018 წელს კი ქვეყნის ჩემპიონი გახდა. 35 წლის პერუელს, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში 95 მატჩში 27 გოლი აქვს გატანილი, ლოკომოტივთან კონტრაქტი 5 აგვისტოს ამოეწურა.

📺 ხვიჩა კვარაცხელიას საუკეთესო მომენტები

კომენტარები

ბოლო ამბები