Thumbnail
  • მარტში შეწყვეტილი 2019/20 წლების ევროპალიგა ორი მატჩით განახლდა
  • ტურნირის 1/4-ფინალში თამაშის უფლება შახტარმა და კოპენჰაგენმა მოიპოვეს
  • ხოჭოლავა ვოლფსბურგთან სასტარტოში იყო, მაგრამ მეორე ტაიმში გააძევეს

მარტში შეწყვეტილი 2019/20 წლების ევროპალიგა ორი მატჩით განახლდა. დონეცკის შახტარმა, რომლის ღირსებას დავით ხოჭოლავა იცავს, გერმანულ ვოლფსბურგს ⅛-ფინალის მეორე მატჩშიც მოუგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

უკრაინული გუნდის 27 წლის ქართველმა ცენტრალურმა მცველმა თამაში სასტარტოში დაიწყო, 68-ე წუთზე კი ჟოაო ვიკტორის წინააღმდეგ ბურთზე წარუმატებელი ვარდნა განახორციელა და ბოლო იმედის ჯარიმისთვის წითელი ბარათი მიიღო. მატჩის არბიტრმა იმის დასადგენად, იყო თუ არა დარღვევა საჯარიმოში, ეპიზოდი VAR-ზე გადაამოწმა და საბოლოოდ საჯარიმო დარტყმა დანიშნა, ხოჭოლავა კი გააძევა. 

ხოჭოლავამ ევროპალიგის მესამე მატჩში ითამაშა, სასტარტოში - პირველად

მალევე მოედანზე 10 კაცით ვოლფსბურგიც დარჩა. მსაჯმა სტუმრებს ბრუკსი გაუძევა. ამის შემდეგ შახტარმა მატჩის მიწურულს სამი გოლი შეაგდო. დუბლი მორაესმა შეასრულა, ერთი გოლიც სოლომონმა გაიტანა.

დონეცკის შახტარის მეტოქე ¼-ფინალში ბაზელისა და აინტრახტის წყვილში მოგებული იქნება. ამ გუნდების პირველი დაპირისპირება ბაზელმა სტუმრად ანგარიშით 3:0 მოიგო, საპასუხო მატჩი კი 6 აგვისტოს შედგება. 

შახტარი 3:0 (2:1) ვოლფსბურგი

გოლები: 1:0 მორაესი (89'), 2:0 სოლომონი (90+1'), 3:0 მორაესი (90+3)

გაძევება: ხოჭოლავა (68, შახტარი), ბრუკსი (70' ვოლფსბურგი)

📺 შახტარი V ვოლფსბურგი

თურქულმა ბაშაქშეჰირმა კოპენჰაგენთან პირველ მატჩში შინ მოპოვებული მინიმალური უპირატესობა (1:0) ვერ შეინარჩუნა. დანიურმა გუნდმა საკუთარ მოედანზე თურქეთის ჩემპიონს სამი უპასუხო გოლი გაუტანა და 1/4-ფინალშია, სადაც მეტოქედ მანჩესტერ იუნაიტედისა და ლასკ-ის წყვილში მოგებული ეყოლება. 

კოპენჰაგენი 3:0 (0:1) ბაშაქშეჰირი

გოლები: 1:0 ვინდი (4’), 2:0 ვინდი (პენ. 52'), 3:0 ფალკი (62')

📺 კოპენჰაგენი V ბაშაქშეჰირი

ევროპალიგა ¼-ფინალური ეტაპიდან "რვათა ფინალის" ფორმატში, გერმანიაში გაიმართება. მინი-ტურნირს ქვეყნის ოთხი ქალაქი: გელზენკირხენი, დიუსელდორფი, დუისბურგი და კიოლნი მიიღებს. ¼-ფინალური მატჩები 10 და 11 აგვისტოს გაიმართება, ½-ფინალური - 16 და 17 აგვისტოს, ხოლო ფინალურ შეხვედრას 21 აგვისტოს კიოლნი უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები