Thumbnail
  • პეპ გვარდიოლას გუნდმა სატრანსფერო ფანჯრისთვის სერიოზული მიზნები დაისახა
  • მანჩესტერ სიტიმ უკვე იყიდა ფერან ტორესი და ნათან აკეს ტრანსფერიც გადაწყვეტილია

პრემიერლიგის გრანდი მანჩესტერ სიტი სერიოზულად აპირებს გაძლიერებას ახალი სეზონისთვის, რომელიც სტარტს 12 სექტემბერს აიღებს. Sky Sports-ის ინფორმაციით, “ქალაქელთა” რიგებში, საერთო ჯამში, შესაძლოა, 7 ახალი ფეხბურთელი ვიხილოთ.

სიტიმ უკვე იყიდა ვალენსის ექს-ნახევარმცველი ფერან ტორესი და ფაქტობრივად, შეთანხმებულია ბორნმუთის 25 წლის მცველის ნათან აკეს ტრანსფერი, რომელიც 39 მილიონი ფუნტი ჯდება. ამას გარდა, მანჩესტერელებს ცენტრალური და ფლანგის მცველების შეძენა სურთ და შემცვლელებს ეძებს გუნდიდან წასული ესპანელი დავიდ სილვასთვის და სერხიო აგუეროსთვის, რომელიც ივნისში 32 წლის გახდა.

შეტევის გაძლიერების კუთხით, სიტი მთავარ კანდიდატად მილანის ინტერის ვარსკვლავ ლაუტარო მარტინესს განიხილავს. ამასთან, პეპ გვარდიოლას გუნდმა უკვე მოსინჯა ნიადაგი მადრიდის ატლეტიკოდან ჟოაო ფელიქსის ტრანსფერისთვის, დაცვის ცენტრალური ზონისთვის კი, იტალიური ნაპოლიდან კალიდუ კულიბალის გადმოყვანა იგეგმება.

სიტის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ჟოაო ფელიქსია

როგორც უკვე ვიუწყებოდით, უახლოეს სატრანსფერო პერიოდში სიტი გუნდის გასაძლიერებლად 300 მილიონი ევროს დახარჯვას აპირებს და თუკი ხსენებული ტრანსფერები შედგა, მანჩესტერული გრანდი კიდევ უფრო ვარსკვლავურ სახეს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ მანჩესტერ სიტის დისკვალიფიკაცია გააუქმა და გვარდიოლას გუნდი მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს. სიტიმ 2019/20 წლების სეზონში პრემიერლიგაში მე-2 ადგილი დაიკავა, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების მერვედფინალში კი, 7 აგვისტოს მადრიდის რეალთან საპასუხო მატჩი ელოდება, როდესაც ესპანეთში 2:1 აქვს მოგებული.

კომენტარები

ბოლო ამბები