Thumbnail
  • დავიდ ალაბას ტრანსფერის ინიციატივით პარიზელთა თავკაცი გამოვიდა
  • თავად ავსტრიელ ფეხბურთელს გული ესპანური გრანდებისკენ მიუწევს

ფრანგული გრანდი პსჟ მიუნხენის ბაიერნის ერთ-ერთი ლიდერის დავიდ ალაბას ტრანსფერზე მუშაობს. Sport Bild-ის ცნობით, კლუბის ხელმძღვანელობას ამ თხოვნით მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა მიმართა.

გერმანელი სპეციალისტის აზრით, პსჟ-ს სასწრაფოდ სჭირდება ტიაგო სილვას შემცვლელი და 28 წლის ავსტრიელი ფეხბურთელი საუკეთესო ვარიანტია. ტუხელმა უშუალოდ მიმართა პარიზული გრანდის სპორტულ დირექტორ ლეონარდოს, რომ აღნიშნული საკითხი განიხილოს.

საინტერესოა, რომ არცთუ დიდი ხნის წინ, სწორედ ლეონარდომ ბაიერნისა და სხვა გერმანული კლუბების მიმართ არცთუ კორექტული განცხადება გააკეთა: “ისინი ახალგაზრდა ფრანგ ფეხბურთელებს თავში უძვრებიან, რაც ჩვენი კლუბებისთვის დიდი პრობლემა და საფრთხეა”.

ადრე გაჩნდა ინფორმაცია, რომ ალაბას კარიერის გაგრძელება ესპანურ გრანდებში – ბარსელონასა და რეალში სურს, მანჩესტერ სიტის, ჩელსისა და პსჟ-ს კი არცთუ კარგი თვალით უყურებს. ამასთან, ავსტრიელს სეზონში ხელფასის სახით 20 მილიონი ევრო სურს, რაც ახალი კონტრაქტისთვის საკმაოდ შემაფერხებელი ფაქტორია.

ცნობისთვის, ალაბა მიუნხენელთა რიგებში ჯერ კიდევ 2010 წლიდან ირიცხება, მის მოქმედ ხელშეკრულებას კი ვადა მომავალი წლის ზაფხულში ეწურება. დავის ავსტრიის ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 72 მატჩში 14 გოლი აქვს გატანილი.

კომენტარები

ბოლო ამბები