Thumbnail

კაზემირო: ჩვენ მადრიდის რეალი ვართ და ვიცით, რომ გასვლის შანსი გვაქვს

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • კაზემირომ მანჩესტერ სიტისთან დაპირისპირებაზე ისაუბრა
  • ბრაზილიელს იმედი აქვს, რომ რეალს ცარიელი 'ეტიჰადი' დაეხმარება

მადრიდის რეალი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე მანჩესტერ სიტისთან განმეორებით შეხვედრას 7 აგვისტოს გამართავს. შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი "სამეფო კლუბმა" "სანტიაგო ბერნაბეუზე" ანგარიშით 1:2 დათმო.

კორონავირუსის პანდემიის გამო, გუნდები "ეტიჰადზე" ცარიელი ტრიბუნების ფონზე ითამაშებენ. რეალის ფეხბურთელი კაზემირო იმედოვნებს, რომ ეს მადრიდული კლუბისთვის მცირე უპირატესობა იქნება.

ბრაზილიელ ფეხბურთელს სჯერა, რომ რთული სიტუაციიდან გამოსვლა შეუძლიათ. 28 წლის ნახევარმცველის აზრით, მადრიდულ კლუბს შემდეგ ეტაპზე გასვლის შესაძლებლობა აქვს და ამისთვის ყველაფერს გააკეთებენ.

"გულშემატკივრის გარეშე განსხვავებული თამაში იქნება. ეს ორივე გუნდისთვის ლამაზი და რთული დაპირისპირება იქნება, მაგრამ ჩვენ მადრიდის რეალი ვართ და ვიცით, რომ გასვლის შანსი გვაქვს. მათ გულშემატკივრები არ ეყოლებათ და შესაძლოა, ეს გარკვეულწილად დაგვეხმაროს, თუმცა მწვრთნელი და მოთამაშეები იგივენი არიან. ყველამ ვიცით, რომ სირთულის დონე იგივე იქნება, რადგან მანჩესტერ სიტი შესანიშნავი გუნდია", - განაცხადა კაზემირომ.

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ლა ლიგის 2019/20 წლების სეზონში 35 მატჩი ითამაშა, სადაც თავი 4 გატანილი გოლითა და 3 საგლე გადაცემით გამოიჩინა. ჩემპიონთა ლიგაში სამხრეთამერიკელის ანგარიშზე 7 შეხვედრაში გოლი და საგოლე გადაცემაა. 

კომენტარები

ბოლო ამბები