Thumbnail

ნეიმარი: პარიზში ჩამოსვლის შემდეგ, საუკეთესო ფორმაში ახლა ვარ

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • ბრაზილიელმა ფორვარდმა თავის პარიზულ კარიერაზე ისაუბრა
  • ნეიმარის აზრით, პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგის მოგებასთან ახლოს არის

ნეიმარი პარი სენ-ჟერმენში 2017 წელს, ბარსელონადან გადავიდა. საფრანგეთის ჩემპიონს ბრაზილიელის ტრანსფერი 222 მილიონი ევრო დაუჯდა, რაც დღემდე ფეხბურთელში გადახდილი სარეკორდო თანხაა.

28 წლის ფეხბურთელმა საწლიანი ფრანგული კარიერის განმავლობაში პსჟ-სთან ერთად 9 ტიტულის მოგება შეძლო. მიუხედავად ამისა, პარიზელებმა ვერ შეძლეს მათთვის ყყველაზე მნიშვნელოვანი და სასურველი ტურნირის, ჩემპიონთა ლიგის მოგება.

2019/20 წლების ჩემპიონთა ლიგის სეზონში პსჟ მეოთხედფინალშია გასული, სადაც მისი მეტოქე იტალიური ატალანტა იქნება. დაპირისპირება 12 აგვისტოს გაიმართება და იგი ტრადიციული ორმატჩიანი დაპირისპირების ნაცვლად, ერთმატჩიანი იქნება.

ნეიმარმა განაცხადა, რომ პარიზში ყოფნის 3-წლიანი პერიოდის განმავლობაში ახლა ყველაზე კარგ ფორმაშია და ფიქრობს, რომ პსჟ-ს წელს ყველაზე კარგი შანსი აქვს, ნანატრი ჩემპიონთა ლიგა მოიგოს.

"ამ სამი წლის განმავლობაში დიდი ცოდნა მივიღე. მქონდა ბედნიერი მომენტები და რთული პერიოდები. განსაკუთრებით მიჭირდა მაშინ, როდესაც ტრავმა თამაშის საშუალებას არ მაძლევდა. თანაგუნდელების დახმარებით სირთულეების გადალახვა შევძელი და ყურადღება გავამახვილე იმაზე, რაც რეალურად მნიშვნელოვანია. პარიზში ჩამოსვლის შემდეგ საუკეთესო ფორმაში ვარ. გუნდი ოჯახივითაა. გვსურს მოვიგოთ ჩემპიონთა ლიგა. ჩვენ ამისთვის ვიბრძოლებთ, რადგან ასე ახლოს ამასთან არასდროს ვყოფილვართ", - განაცხადა ნეიმარმა.

სამხრეთამერიკელმა ფეხბურთელმა ლიგა 1-ის 2019/20 წლების სეზონში 15 მატჩი ჩაატარა, სადაც თავი 13 გატანილი გოლითა და 6 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ნეიმარი კარგი იყო ჩემპიონთა ლიგაზეც, სადაც მის ანგარიშზე 4 შეხვედრაში 3 გოლი და 2 საგოლე პასია. 

კომენტარები

ბოლო ამბები