Thumbnail

2-კვირიანი კარანტინი მოუწევს – როდის ჩავა ანდრონიკაშვილი ამერიკაში

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'მჯერა, რომ ამ დროისთვის ანდრონიკაშვილი და კანცლერისიც ჩვენთან ერთად იქნებიან'
  • 19 წლის ქართველ კალათბურთელს მიმდინარე კვირაში აშშ-ს საელჩოში ელიან

NCAA-ს ერთ-ერთი წამყვანი კლუბი კრეიტონი, რომელმაც სამიოდ თვის წინ კონტრაქტი საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალგაზრდა გამთამაშებელ რატი ანდრონიკაშვილს გაუფორმა, ყველაფერს აკეთებს, რათა მან აშშ-ში დროულად ჩასვლა მოახერხოს. ამის შესახებ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გრეგ მაკდერმოტმა ისაუბრა.

მისი განცხადებით, კრეიტონის წარმომადგენლები ანდრონიკაშვილის გარდა, ლიტველი მოდესტას კანცლერისის პრობლემების მოგვარებაშიც აქტიურად არიან ჩართულნი. ბლუ ჯეისმა ბოლოს სწორედ ეს 2 ევროპელი კალათბურთელი აიყვანა, რომლებიც მიმდინარე კვირაში, შესაბამისად, საქართველოსა და ლიტვაში აშშ-ს საელჩოებში მივლენ და იმ პროცედურებს გაივლიან, რომლებიც ამერიკაში მოხვედრისთვის არის საჭირო. გადაწყვეტილია, რომ როდესაც სავიზო პრობლემები მოგვარდება, შტატებში ჩასვლის შემდეგ, მათ 2-კვირიანი კარანტინის გავლა მოუწევთ.

ცნობისთვის, კრეიტონმა კანცლერისთან კონტრაქტის გაფორმების შესახებ 30 აპრილს გამოაცხადა, 1 კვირის თავზე კი, ანდრონიკაშვილთან შეთანხმების შესახებაც შევიტყვეთ, თუმცა, ამ კალათბურთელებს გუნდთან ერთად 1 დღეც არ გაუტარებიათ. მიზეზი იოლი მისახვედრია – კორონავირუსის პანდემია, რის გამოც ფაქტობრივად ყველა ქვეყანაში, მათ შორის, აშშ-ში მიმოსვლა გართულდა და გარკვეული შეზღუდვები ახლაც მოქმედებს.

“ცხადია, იდეალურ შემთხვევაში მერჩივნა, რომ ეს კალათბურთელები უკვე ჩვენთან ერთად ყოფილიყვნენ, თუმცა, გასაგებ მიზეზთა გამო, ყველაფერი სხვაგვარად წარიმართა. მათ გარკვეული პროცედურების გავლა მოუწევთ, თუმცა, დარწმენებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად დასრულდება”.

რატი ანდრონიკაშვილს კრეიტონში მოუთმენლად ელიან

მაკდერმოტისვე განცხადებით, გუნდის დანარჩენი წევრები საუნივერსიტეტი კაპმუსებში შეკრებას უახლოესი 10 დღის განმავლობაში დაიწყებენ, სწავლა კი, სტარტს 17 აგვისტოს აიღებს და მწვრთნელი ამ თარიღს იმედიანად უყურებს. “მჯერა, რომ ამ დროისთვის ანდრონიკაშვილი და კანცლერისიც ჩვენთან ერთად იქნებიან”.

შეგახსენებთ, რომ ბასკონიური პროექტის (ესპანეთში 2 წელი აქვს გატარებული) პროდუქტმა ანდრონიკაშვილმა გასული სეზონი ბერძნულ პანიონიოსში დაიწყო და სუპერლიგის წევრ რუსთავში დაასრულა. უდავოა, რომ რატისთვის ამერიკაში გადასვლა კარიერაში წინგადადგმული ნაბიჯია. NCAA-ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპორტული პროგრამის მქონე უნივერსიტეტმა თანხმობა განაცხადა, ქართველი უკანახაზელის სწავლა სრულად დააფინანსოს. ცხადია, ეს იმიტომ გაკეთდა, რომ კრეიტონმა ჩვენებური საკალათბურთო გუნდში ათამაშოს.

ცნობისთვის, COVID 19-ის გამო ნაადრევად შეწყვეტილ სეზონში კრეიტონს 13 მოგება და 5 მარცხი ჰქონდა და ბიგ ისთის კონფერენციაში ვილონავასთანა და სანდრო მამუკელაშვილის სეტონ ჰოლთან ერთად პირველობას ინაწილებდა. იმდროინდელი მონაცემებით, კრეიტონი ამერიკის სტუდენტური ლიგის ოფიციალურ რეიტინგში მე-7 ადგილზე გახლდათ და ეს, ძალიან მაღალი შედეგია იმის გათვალისწინებით, რომ NCAA-ს 32 კონფერენციაში მთლიანობაში 480-ამდე გუნდი თამაშობს.

კომენტარები

ბოლო ამბები