Thumbnail

'რატომ არ მიეცი ხმა კვარაცხელიას?' - ქომაგები რუბინის კაპიტანს დაუპირისპირდნენ

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

რუსეთში კვლავაც აქტიურად განიხილავენ იმ ფაქტს, რომ პრემიერლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის გამოვლენის დროს ქართველმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ ყაზანის რუბინის კაპიტნის ვიაჩესლავ პოდბერიოზკინის მხარდაჭერა ვერ მიიღო. ამ ფაქტმა თავიდანვე გაკვირვება გამოიწვია, რადგანაც ასეთ დროს გუნდების კაპიტნები ხმას სწორედ თანაგუნდელებს აძლევენ, მითუმეტეს, რომ კვარაცხელია ფავორიტთა შორის იყო და აკი, საბოლოოდ, გამოკითხვაში მაინც პირველი ადგილი დაიკავა.

აღნიშნულის გამო, პოდბერიოზკინი რუბინის ქომაგებმაც მწარედ გააკრიტიკეს და კონკრეტულ კითხვას უსვამდნენ, თუ რატომ არ მისცა ხმა კვარაცხელიას. ამან 28 წლის რუსი ნახევარმცველი წყობიდან გამოიყვანა და სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი შემოელანძღა. ამას კიდევ უფრო მწარე რეაქცია მოჰყვა, რის გამოც ვიაჩესლავს ინსტაგრამის გვერდის გაუქმება მოუწია და ახლა, სავარაუდოდ, საჯარო ბოდიშის გარეშე, თავის დაძვრენას ვერ მოახერხებს.

რუბინის კაპიტნის მიმოწერა გუნდის ერთ-ერთ ქომაგთან და მის მიერ შევსებული ანკეტა

პოდბერიოზკინმა თავის გასამართლებლად ის ფაქტი მოიყვანა, რომ მისი ინფორმაციით, გუნდების კაპიტნების თანაგუნდელებისთვის ხმის მიცემის უფლება არ ჰქონდათ და ისრები რუბინის პრეს-ატაშესკენ გადაიტანა, რომელმაც მისი თქმით, შეცდომაში შეიყვანა. თუმცა, სოციალურ ქსელში მაშინვე გაჩნდა ყაზანელთა კაპიტნის მიერ შევსებული ანკეტა, სადაც ნათლად წერია, რომ შეზღუდვა ერთადერთია – კაპიტნებს არ შეუძლიათ ხმა მისცენ მხოლოდ საკუთარ თავს, თუკი ისინი, რომელიმე ნომინაციაზე არიან წარდგენილნი.

შეგახსენებთ, რომ სპეციალური გამოკითხვაში, რომელშიც რუსეთის პრემიერლიგის კლუბების მთავარი მწვრთნელები და კაპიტნები, ასევე ექსპერტები და მასმედიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, ყაზანელთა 19 წლის ქართველმა ნახევარმცველმა 11 ხმით გაიმარჯვა. ხვიჩას სხვებთან ერთად მხარი რუბინის ამჟამინდელმა მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმაც დაუჭირა.

კვარაცხელია რუბინში შარშან ზაფხულში მოსკოვის ლოკომოტივიდან გადავიდა და ყაზანელებთან კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს. 19 წლის ფეხბურთელმა რუსეთის პრემიერლიგის 27 მატჩში 3 გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა. Transfermarkt-მა ხვიჩას სატრანსფერო ფასი 2 მილიონიდან 4.5 მილიონამდე გაზარდა და ის ქართველ ფეხბურთელთა შორის მხოლოდ გიორგი ჩაკვეტაძესა (6.7 მილიონი) და საბა კვერკველიას (5.0) ჩამორჩება.

📺 ხვიჩა კვარაცხელიას საუკეთესო მომენტები

კომენტარები

ბოლო ამბები