Thumbnail
  • რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად გიორგი გორგასლიძე აირჩიეს
  • მან დეკემბერში დანიშნულ არჩევნებამდე სიტუაციის ნორმალიზება უნდა მოახდინოს

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად გიორგი გორგასლიძე აირჩიეს, რომელიც რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტად 2008 წლიდან მუშაობს. ამ ინფორმაციას კავშირის პრეს-სამსახური ავრცელებს. აღნიშნული საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის სხდომაზე მოხდა, რომელზეც ცნობად იქნა მიღებული რაგბის კავშირის ყოფილი პრეზიდენტის გოჩა სვანიძის განცხადება რაგბის კავშირის პრეზიდენტისა და გამგეობის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით.

ამის შემდეგ გამგეობამ კენჭი უყარა და საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის უფლება-მოვალეობის დროებით შემსრულებლად ერთხმად დაამტკიცა საქართველოს რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი გიორგი გორგასლიძე. ის აღნიშნულ ფუნქციას საქართველოს რაგბის კავშრის ნამდვილ წევრთა საერთო კრების (ყრილობა) ჩატარებამდე და რაგბის კავშირის ახალი პრეზიდენტის არჩევამდე შეასრულებს.

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობისთვის ბრძოლას გოჩა სვანიძე, ბაჩო ხურციძე და ირაკლი აბუსერიძე აპირებენ

გორგასლიძემ გამგეობას მიმართა წინადადებით, რომ ახალი პრეზიდენტის არჩევამდე შეიქმნას საკონსულტაციო სათათბირო საბჭო, რომლის ფუნქცია პანდემიის ფონზე რაგბის სფეროში არსებული პრობლემების დაძლევა იქნება. ეს წინადადება ერთხმად იქნა მიღებული. საკონსულტაციო სათათბირო საბჭოს წევრთა ვინაობა მოგვიანებით გაირკვევა და მასში რაგბის კავშირის წარმომადგენლების გარდა აუცილებლად შევლენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები.

გიორგი გორგასლიძე: “ცნობად მივიღეთ გოჩა სვანიძის განცხადება უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით და გამგეობის გადაწყვეტილებით, დავინიშნე რაგბის კავშირის დროებით მმართველად, საკონსულტაციო სათათბირო საბჭოსთან ერთად. ჩვენი მიზანია, რომ რაგბის კავშირი პრეზიდენტის არჩევნებამდე მივიყვანოთ, რომელიც სავარაუდოდ დეკემბერში გაიმართება, მანამდე კი ვუზრუნველყოთ კაცთა, ჭაბუკთა და ბავშვთა ლიგების განახლება, ასევე, ამ პერიოდამდე დაგეგმილი საერთაშორისო თამაშების ორგანიზება, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქართული რაგბისთვის”.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები ჯერ 30 იანვარს უნდა ჩატარებულიყო, შემდეგ კი 24 თებერვალს, მაგრამ ორივეჯერ გადაიდო: პირველად შეთანხმების საფუძველზე, მეორეჯერ კი დელეგატების ქვორუმი არ შედგა. მოგვიანებით, საქმეში კორონავირუსი ჩაერთო და ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, არჩევნების ჩატარება მიმდინარე წლის დეკემბერშიღა იგეგმება. რაგბის კავშირის პრეზიდენტობისთვის ბრძოლას იმავე სვანიძის გარდა, ეროვნული ნაკრების ყოფილი მორაგბე ირაკლი აბუსერიძე და ბაჩო ხურციძე აპირებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები