Thumbnail

6-დან 5 მარცხი - რეალს ლიგაზე რამოსის გარეშე თამაში ძალიან უჭირს

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • მადრიდელები ლიგაზე სიტისთან საპასუხო მატჩს 7 აგვისტოს გამართავენ
  • ბოლო პერიოდია გუნდს კაპიტნის გარეშე თამაში განსაკუთრებით უჭირს

სერხიო რამოსი მადრიდის რეალის ერთ-ერთი მთავარი და საკვანძო მოთამაშეა. კაპიტანს გუნდის წარმატებაში გადამწყვეტი როლი განსაკუთრებით ბოლო პერიოდში აქვს. რეალი რამოსთან ერთად სხვა გუნდია, მის გარეშე - სხვა.

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის დაპირისპირებაში "სამეფო კლუბმა" პირველი შეხვედრა მანჩესტერ სიტისთან "სანტიაგო ბერნაბეუზე" 1:2 დათმო. გარდა იმისა, რომ ესპანურ კლუბს "ეტიჰადზე" სხვაობის გაბათილება მოუწევს, ინგლისში სერხიო რამოსის გარეშეც ითამაშებს.

ცენტრალური მცველი განმეორებით შეხვედრას, რომელიც 7 აგვისტოს გაიმართება, დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს. 34 წლის ფეხბურთელმა პირველ შეხვედრაში უხეშობის გამო 86-ე წუთზე წითელი ბარათი მიიღო.

რამოსის არყოფნა რეალისთვის დიდი დანაკლისია და ამაზე ციფრებიც მეტყველებს. ჩემპიონთა ლიგაზე რეალმა რამოსის გარეშე გამორთული ბოლო 6 მატჩიდან 5 წააგო და მხოლოდ ერთი შეხვედრის მოგება შეძლო.

რამოსის გარეშე ჩატარებულ ბოლო 6 მატჩში ერთადერთი გამარჯვება "სამეფო კლუბმა" 2019/20 წლების სეზონის ჯგუფურ ეტაპზე მოიპოვა, როდესაც მადრიდულმა კლუბმა კაპიტნის გარეშე ბრიუგე 3:1 დაამარცხა.

ექვსი მატჩიდან პირველად რეალი რამოსის გარეშე 2017/18 წლების სეზონში დამარცხდა. მაშინ "სამეფო კლუბმა" იუვენტუსთან 1:3 წააგო, თუმცა დამატებით დროში რონალდოს მიერ გატანილი პენალტი საკმარისი გამოდგა და რეალი შემდეგ ეტაპზე გავიდა.

ყველაზე რთული და საშინელი წაგებები მადრიდულმა კლუბმა 2018/19 წლების სეზონში იწვნია. სერხიომ ცსკა-სთან ჯგუფურ ეტაპზე გამართული ორივე შეხვედრა გამოტოვა. რეალმა რუსეთში 0:1, ხოლო შინ 0:3 წააგო. მიუხედავად ამისა, ესპანური გუნდი მერვედფინალში გავიდა, სადაც აიაქსს დაუპირისპირდა. რეალმა პირველი შეხვედრა სტუმრად 2:1 მოიგო. აღნიშნულ შეხვედრაში რამოსმა ყვითელი ბარათი მიიღო და გუნდს "სანტიაგო ბერნაბეუზე" ვერ დაეხმარა, სადაც მადრიდელები ანგარიშით 1:4 დამარცხდნენ.

ბოლოს კაპიტნის გარეშე მადრიდელები ამ სეზონში დამარცხდნენ. ჯგუფურ ეტაპზე გამართულ შეხევდრაში ესპანელები საფრანგეთის დედაქალაქს ესტუმრნენ, თუმცა პარიზელები სტუმართმოყვარეები არ აღმოჩნდნენ. პარი სენ-ჟერმენმა კაპიტნის გარეშე მოთამაშე რეალს 3:0 მოუგო.

სერხიო რამოსმა მას შემდეგ, რაც მადრიდის რეალში გადავიდა, სხვადასხვა მიზეზების გამო (ტრავმა, დისკვალიფიკაცია, მწვრთნელის გადაწყვეტილება) ჩემპიონთა ლიგაზე 30 შეხვედრა გამოტოვა, საიდანაც "სამეფო კლუბმა" 19 მოიგო, 3 ფრედ ითამაშა, ხოლო 8 შემთხვევაში დამარცხდა. პრობლემა ის არის, რომ ამ 8 მარცხიდან რეალმა 5 ბოლო 6 მატჩში განიცადა.   

კომენტარები

ბოლო ამბები