Thumbnail
  • დინამო ბათუმის პრეზიდენტმა პოპსპორტის შეკითხვებს უპასუხა
  • ახალი სტადიონი, გუნდის მიზანი ევროპალიგაში, ტრანსფერები
  • რამდენად სერიოზულია ხმები ალანიას ჯოვინოთი დაინტერესებაზე 

ბათუმში საფეხბურთო ბუმია. ახალი სტადიონი და გუნდი, რომელიც საქართველოს ჩემპიონობაზე პრეტენზიას აცხადებს. საინტერესო პროექტს სახელწოდებით დინამო ბათუმი საფუძველი რამდენიმე წელიწადია, რაც ჩაეყარა. აჭარული კლუბის ირგვლივ მიმდინარე მოვლენების შესახებ კლუბის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, არჩილ ბერიძეს ვესაუბრეთ.

POPSPORT: როგორც ჩვენთვის ცნობილია, სტადიონის ლიცენზირებასთან დაკავშირებით ბათუმში უეფას წარმომადგენლები იმყოფებიან. რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება ხომ არაა ცნობილი?

არჩილ ბერიძე: შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს, საბოლოო პასუხს კი 9 აგვისტოს ველით. მანამდე გადაჭრით რამის თქმა გამიჭირდება, ეს უბრალოდ ვარაუდი იქნება.

POPSPORT: პირადად თქვენი სურვილი და მოლოდინი როგორია?

ბერიძე: აჭარის მთავრობასა და ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად განუწყვეტლივ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ეს სტადიონი მაღალ კატეგორიაში მოხვდეს, რისთვისაც მათ უდიდეს მადლობას ვუხდი. ბუნებრივია ჩვენი მიზანია, რომ დინამო ბათუმმა ევროტურნირის მატჩები ამ არენაზე გამართოს. რა თქმა უნდა, იმედი გვაქვს, რომ ამ სტადიონზე სხვა უმაღლესი რანგის შეხვედრების ჩატარებაც იქნება შესაძლებელი. რაც შეეხება გახსნას, ვცდილობთ დინამო თბილისთან დაგეგმილი თამაში ახალ სტადიონზე გავმართოთ, თუმცა როგორც უკვე აღვნიშნე ამ ეტაპზე რამე კონკრეტული დაპირების გაცემა ნაადრევია..

POPSPORT: გათვალისწინებით იმისა, რომ დინამო ბათუმს ყველა ჩემპიონობისთვის მებრძოლ კლუბთა შორის ასახელებს, როგორ შეაფასებდით აქამდე გუნდის მიერ ნაჩვენებ შედეგს?

ბერიძე: სტარტი ისეთი არ იყო, როგორიც გვინდოდა და როგორსაც ვგეგმავდით, მაგრამ ახლა ნელ-ნელა ყველაფერი თავის კალაპოტში დგება, რაზეც თამაშის გაუმჯობესებული ხარისხი და შედეგები მეტყველებს. საჩემპიონო კლუბის აშენება იოლი არა არის. უდიდესი შრომაა გასაწევი, ამიტომ მივმართავ ჩვენს ერთგულ ქომაგებსაც, მოთმინებით აღიჭურვონ. დასახულ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ.

POPSPORT: ბევრ გუნდზე, თანაც არამარტო საქართველოში, სეზონის შეწყვეტამ ცუდად იმოქმედა. რა გავლენა მოახდინა იძულებითმა პაუზამ დინამო ბათუმზე?

ბერიძე: რა თქმა უნდა, სეზონის სამთვიანმა იძულებითმა შეჩერებამ გუნდზე უარყოფითად იმოქმედა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ დინამო ბათუმი ყველასგან განსხვავებულ, სპეციფიურ , კომპლექსურ ფეხბურთს თამაშობს და ამიტომ სხვაგვარი მომზადება სჭირდება. იძულებითმა პაუზამ გუნდი კალაპოტიდან ამოაგდო. საბედნიეროდ, აჭარის რეგიონმა, ისევე როგორც მთლიანად ქვეყანამ, პანდემიის შემოტევას ღირსეულად გაუძლო და ახლა უკვე ყველაფერი წესრიგშია. გუნდი თავის ჩვეულ რიტმში ჩაჯდა, თამაშიდან თამაშამდე აშკარა პროგრესიც შეინიშნება.

POPSPORT: სეზონის წინ დინამო ბათუმმა რამდენიმე საინტერესო ტრანსფერი განახორციელდა. რას გვეტყოდით ახალწვეულებზე?

ბერიძე: ახალწვეულებზე, რომლებიც ჩემპიონატის დაწყებამდე დავიმატეთ, გარკვეული უარყოფითი გავლენა სეზონის შეჩერებამ მოახდინა, მაგრამ ახლა უკვე ნელ-ნელა ისინი იმ დონეზე გადიან, რომელიც მოეთხოვებათ. მჯერა, რომ ყველა მათგანი ჩვენს იმედებს გაამართლებს. გარდა ამისა გეტყვით, რომ ამ პერიოდშიც მიმდინარეობს მოლაპარაკებები და დინამო ბათუმი კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება. წინასწარი შეთანხმება მიღწეულია ლაშა შერგელაშვილთან, რომელიც ბერძნული იანინას ღირსებას იცავს.

POPSPORT: გია გეგუჩაძე ცდილობს გუნდმა სანახაობრივი ფეხბურთი ითამაშოს. არის თუ არა თქვენი მიზანი, რომ დინამო ბათუმმა დასახული ამოცანები, სწორედ ლამაზი ფეხბურთის ხარჯზე გადაჭრას?

ბერიძე: კლუბის ხელმძღვანელობის და გია გეგუჩაძის ხედვები ერთმანეთს სრულად ემთხვევა. დიახ, ჩვენი მიზანია, რომ გუნდმა ლამაზი ფეხბურთი ითამაშოს და საუკეთესო შედეგები აჩვენოს. მეტსაც გეტყვით, დღეს საქართველოში გეგუჩაძე ერთადერთია, რომელსაც ამის მიღწევა შეუძლია.

POPSPORT: როგორც ჩანს ყველა ტრავმა მოიშუშა და თავის საუკეთესო ფორმას უახლოვდება ვაგნერი. მისი ტრანსფერისგან რა მოლოდინი გქონდათ და ახლა რისი თქმა შეგიძლიათ?

ბერიძე: გონსალვესი ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელია, თავის ჩვეულ კონდიციებში მას თავისუფლად შეუძლია მოედანზე საუკეთესო მოთამაშე იყოს და დიდი მატჩების ბედი გადაწყვიტოს. დილასთან ძალიან მაგარი გოლი გაჰქონდა და გახსოვთ ალბათ რა ცოტაც დააკლდა. დარტყმა, რომელიც მან სამტრედიელთა კარში შეასრულა კი უბრალოდ ფენომენალური იყო.

POPSPORT: როგორია ლევან გეგეჭკორის მდგომარეობა? რაიმე ახალი ინფორმაცია ხომ არაა მის ტრავმაზე? სამტრედიასთან მარჯვენა მცველად ვლადიმერ მამუჩაშვილმა ითამაშა. როგორ შეაფასებდით ახალ პოზიციაზე მის დებიუტს?

ბერიძე: ლევან გეგეჭკორს ოპერაცია თურქეთში, უმაღლესი დონის კლინიკაში გაუკეთდა, იქ სადაც ბევრი ცნობილი ფეხბურთელი მკურნალობს. რეაბილიტაციის პერიოდი წარმატებით დაიწყო და იმედია, ასევე გაგრძელდება. რაც შეეხება მამუჩაშვილს, მან მართლაც ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა და შემიძლია ვთქვა, რომ შესაძლოა სულ მალე ეროვნულ ნაკრებს მისი სახით ძალიან კარგი ფეხბურთელი ჰყავდეს.

POPSPORT: ევროტურნირებზე გუნდის მიზნების შესახებ რას გვეტყოდით?

ბერიძე: ახლა ყველანი მოუთმენლად ველით კენჭისყრის შედეგებს. იდეალურ ფორმაში მყოფ დინამო ბათუმს წარმატებით შეუძლია რამდენიმე ეტაპის გადალახვა, მიზანი კი ჯგუფში მოხვედრაა.

POPSPORT: ვლადიკავკაზის ალანიას ფანების გვერდზე, მოულოდნელად, ამ საფეხბურთო კლუბის ჯოვინოსადმი დაინტერესების შესახებ ინფორმაცია გაჩნდა. რამდენად რეალურად შეიძლება იყოს განხილული ბრაზილიელის რუსეთის ჩემპიონატის მეორე ლიგის გუნდში გადასვლა?

ბერიძე: პირველად მესმის ამის შესახებ. შემიძლია გითხრათ, რომ ალანიაში სრულიად არასერიოზული სურვილი გასჩენიათ. ჯოვინო მოთხოვნადი ფეხბურთელი დინამო ბათუმში კარგი თამაშის წყალობით გახდა. ალანიას დონის გუნდში იგი არასდროს გადავა. მისადმი ინტერესს გაცილებით უფრო სერიოზული კლუბები იჩენენ. ამ ვარიანტზე საუბარი უხერხულიც კი არის.

ჯოვინო ფლამარიონის ბათუმური ცხოვრება

კომენტარები

ბოლო ამბები