Thumbnail

ევროლიგის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ივლისის მთავარი ამბები ჩამოწერა და გასაკვირი არაა, რომ ათ მოვლენას შორის თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერიც შეიყვანა. აი, რას წერს ევროლიგის პრესსამსახური:

თორნიკე შენგელია (ცსკა, მოსკოვი)

მოსკოვის ცსკა-მ თორნიკე შენგელიასთან კონტრაქტის გაფორმებით ძალიან ბევრი რამ შეიძინა. საქმე მხოლოდ თორნიკეს უნივერსალიზმსა და პროდუქტიულობაში არაა, რისი წყალობითაც ის გასულ სეზონში საშუალოდ 15.9 ქულას აგდებდა, სარგებლიანობის საშუალო კოეფიციენტი კი 18.5 ჰქონდა. შენგელია ლიდერისთვის დამახასიათებელი იმ თვისებების მატარებელია, რომელიც აქამდე კაილ ჰაინსს ჰქონდა, მისი ცსკა-დან წასვლის შემდეგ კი, გუნდში გარკვეული სიცარიელე შეიქმნა. ახლა, ეს პრობლემა მოგვარებულია. თორნიკეს ესპანური ბასკონიაში გატარებულ 6 წელში სწორედ მებრძოლი ხასიათი გამოარჩევდა, რამაც ბოლოს მასსა და მის გუნდს ესპანეთის ჩემპიონის ტიტული მოუტანა. შენგელიას ცსკა-ში ნაცნობი სახეებიც ელიან. დარუნ ჰილიარდი და იოჰანეს ვოიგტმანი გასულ წლებში ასევე ბასკური გუნდის ღირსებას იცავდნენ.

შენგელიას გარდა, ევროლიგის საიტმა ყურადღება კიდევ 9 მოვლენაზე გაამახვილა: ნიკ კალატესის ტრანსფერი ბარსელონაში, არტურას გუდაიტისი ზენიტში, ჯონი ჰემილტონი ფენერბაჰჩეში, შარუნას იასეკივიაჩუსი ბარსელონაში, ნიკოლა კალინიჩი ვალენსიაში, იგორ კოკოშკოვი ფენერბაჰჩეში, გრეგ მონრო ხიმკიში, ნემანია ნედოვიჩი პანათინაიკოსში და კოსტას სლუკასი ოლიმპიაკოსში.

შეგახსენებთ, რომ თორნიკე შენგელიამ, რომელიც 2014 წლიდან მოყოლებული ესპანურ ბასკონიაში თამაშობდა და ბოლო სეზონში ლიგა ენდესას ჩემპიონი გახდა, მოსკოვის ცსკა-სთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მის ტრანსფერს საქართველოში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა, რადგანაც ბევრის აზრით, საქართველოს ნაკრების კაპიტანი რუსეთის არმიის ცენტრალურ სპორტული კლუბში არ უნდა გადასულიყო.

კომენტარები

ბოლო ამბები