Thumbnail
  • ბარტომეუმ ლაუტაროს და ნეიმარის ტრანსფერები გამორიცხა
  • ამის მიზეზი მძიმე ფინანსური მდგომარეობაა
  • კორონავირუსის გამო კლუბებმა დიდი ზარალი ნახეს

ბარსელონას პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბარტომეუმ ლაუტარო მარტინესისა და ნეიმარის შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა. ორივე ამ ფეხბურთელს პრესა ბარსას უკავშირებს. ბარტომეუმ დაადასტურა ინტერსა და პარი სენ-ჟერმენთან მოლაპარაკების ფაქტი, თუმცა ორივე ეს ტრანსფერი ფინანსური პრობლემების გამო გამორიცხა.

ბარტომეუ: "ინტერს გასულ კვირებში ლაუტაროს შესახებ ვესაუბრეთ. თუმცა, ამ სიტუაციაში დიდი თანხის გადახდა არ შეგვიძლია. პარი სენ-ჟერმენს ნეიმარის გაყიდვა არ სურს. გასულ ზაფხულში ჩვენ მისი გადმოყვანა ვცადეთ, ამ ზაფხულს კი მცდელობასაც არ ჰქონდა აზრი".

ბარტომეუმ ყურადღება გაამხვილა, რომ კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის გამო, კლუბები შემოსავლებს კარგავენ და დიდი თანხების გადახდა ამ ზაფხულში არარეალისტურია.

ბარტომეუ: "მარტიდან ივნისამდე მონაკვეთში 200 მილიონი დოლარი უკვე ვიზარალეთ. დანაკარგები გრძელდება, რადგან მოსალოდნელია, რომ ხალხი ტრიბუნებზე ჯერ კიდევ ვერ დაბრუნდება, არ მუშაობს კლუბის მუზეუმი და მაღაზიები. ამ სიტუაციიდან გამოსვლას ერთი წელიწადი არ ეყოფა, ზარალის ანაზღაურებას 3-4 წელიწადი დაჭირდება".

ბარტომეუს ლოგიკა გასაგებია. ბარსელონამ ბოლო წლებში დიდი თანხა დახარჯა და შენაძენების უდიდესმა ნაწილმა (კოუტინიო, დემბელე, გრიზმანი, დე იონგი) მოლოდინი სრულად ვერ გაამართლა. კლუბში რთული ფინანსური სიტუაციაა და ნაკლებად წარმოსადგენია, რომ ბარსამ ახალი სუპერვარსკვლავი იყიდოს. ამის ერთადერთ შესაძლებლობას ფეხბურთელების გაცვლა ქმნის.

კომენტარები

ბოლო ამბები