Thumbnail
  • ანტონიო კონტემ მილანის ინტერის მენეჯმენტი გააკრიტიკა
  • სპეციალისტის თქმით, კლუბი მას და ფეხბურთელებს ვერ იცავს
  • კონტეს შემცვლელად ალეგრი და პოჩეტინო მოიაზრებიან

ინტერმა იტალიის ჩემპიონატი კარგად დაასრულა - გასვლაზე ატალანტას მოუგო, მეორე ადგილი გაინაღდა და ლიდერ იუვენტუსს მხოლოდ ქულით ჩამორჩა. თუმცა სიტუაცია მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე დაიძაბა. კონტემ სკანდალური განცხადებები გააკეთა და თქვა, რომ კლუბი მას და მის მოთამაშეებს არ იცავს.

უცნაური იყო არამხოლოდ მისი განცხადება. კონტეს არ დაუდასტურებია, თუ რაში გამოიხატება კლუბისგან დაუცველობა. უცნაური იყო განცხადების ფორმაც. ასეთ რამეს ჟურნალისტებთან არ ამბობენ. კონტემ ისიც აღნიშნა, რომ ეს არ ეხება მხოლოდ სატრანსფერო ბაზარს. თუმცა იგი ინტერის სატრანსფერო პოლიტიკით მაინც უკმაყოფილო იყო, მიუხედავად იმისა, რომ კლუბმა პირადად მისი მოთხოვნით ბევრი ფეხბურთელი (ლუკაკუ, ალექსის სანჩესი, ბარელა, სენსი, იანგი,) იყიდა.

კონტეს უკმაყოფილების საბაბი ის არის, რომ კლუბი მას და მის ფეხბურთელებს მედიის თავდასხმებისგან ვერ იცავს და კლუბის მედიასამსახური იტალიურ პრესასთან კარგად ვერ მუშაობს, განსხვავებით, მაგალითად, იუვენტუსისგან, რომელიც იტალიური პრესის დიდ ნაწილს აკონტროლებს.

ინტერის მენეჯმენტს განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა ყველა დიდი იტალიური გამოცემა (სკაი სპორტი, მედიასეტი, გაძეტა დელო სპორტი, ტუტოსპორტი) წერს, რომ კონტეს თავდასხმა ინტერის მენეჯმენტზე უკვალოდ არ ჩაივლის.

დღეს მენეჯმენტსა და მწვრთნელს შორის გადამწყვეტი შეხვედრა იგეგმება. კონტეს 12 მილიონი აქვს ხელფასი და მისი გაგდება გამორიცხულია, თუმცა დიდი შანსია, რომ მხარეები შეთანხმდნენ და კონტრაქტი ორმხრივად გაწყვიტონ. იტალიური პრესის ცნობით, კონტეს ამ პირობებში მუშაობის გაგრძელება არ სურს და არც კლუბის ხელმძღვანელობაა თანახმა მისი ყველა მოთხოვნა შეასრულოს.

კონტეს წასვლის ალბათობას ზრდის ის ფაქტი, რომ ინტერს ორი მზა კანდიდატი ყავს მის შესაცვლელად. უმუშევარია მაქსი ალეგრი, რომელსაც ინტერის სპორტულ დირექტორ ბეპე მაროტასთან, იუვენტუსიდან მოყოლებული, ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს და მაურისიო პოჩეტინო. პოჩეტინოს პლუსი ისაა, რომ ზამთარში ინტერის მთავარ შენაძენთან - კრისტიან ერიკსენთან მუშაობის წარმატებული გამოცდილება აქვს. ერიკსენი კონტეს სისტემაში ვერ ჯდება და ეს ფაქტორიც კლუბთან უთანხმოების ერთ-ერთი მიზეზია.

კომენტარები

ბოლო ამბები