Thumbnail

'ბევრი მომენტი შევქმენით და 3 ქულაც ავიღეთ' - გია გეგუჩაძემ თამაში შეაფასა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • დინამო ბათუმმა სამტრედიასთან მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა
  • ბათუმელები ლიდერს 2 ქულით ჩამორჩებიან
  • გია გეგუჩაძემ და კახი კაჭარავამ თამაში შეაფასეს

დინამო ბათუმმა საქართველოს ეროვნული ლიგის მე-8 ტურში სამტრედია 2:0 დაამარცხა. მატჩის შემდეგ კომენტარი ორივე გუნდის მთავარმა მწვრთნელებმა, გია გეგუჩაძემ და კახი კაჭარავამ გააკეთეს.

გეგუჩაძის განცხადებით, სეზონიდან გამომდინარე ყველა თამაშის მნიშვნელობა ძალიან დიდია, ხოლო კაჭარავა შედეგით უკმაყოფილო იყო და დინამო ბათუმს წარმატებები უსურვა.

გია გეგუჩაძე (დინამო ბათუმის მთავარი მწვრთნელი): „რა თქმა უნდა, რთული და დამძიმებული გრუნტი იყო და ამან ალბათ თამაშს დაღი დაასვლა. თუმცა, ორივე ტაიმი ვფლობდით სრულ უპირატესობას, ბევრი მომენტი შევქმენით და ჩვენდა სასიხარულოდ ვიმარჯვეთ, მნიშვნელოვანი 3 ქულა ავიღეთ. ჩემპიონატის მიმდინარეობიდან გამომდინარე ყველა თამაშს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან მოკლე ჩემპიონატია და მრავალი გუნდია საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლაში პრეტენდენტი და არც ჩვენ ვართ გამონაკლისი“.

კახი კაჭარავა (სამტრედიას მთავარი მწვრთნელი): „პირველ ტაიმში დინამო ბათუმმა გვაჯობა, გოლიც გაიტანა. მეორე ტაიმში ჩვენ უპირატესობა გვქონდა, მაგრამ საგოლე მომენტები საკმარისი რაოდენობით ვერ შევქმენით, მარტო ბურთის ფლობით თუ მომენტები არ შექმენი, თამაშს ვერ მოიგებ. ბოლო წუთებში უკვე რისკზე წავედით, ვცდილობდით ცენტრალური მცველი წინ აგვეწია და კონტრშეტევაზე გოლი გავუშვით. წაგებული მატჩით არ შეიძლება კმაყოფილი იყო და მინდა დინამო ბათუმს წარმატებები ვუსურვო“.

📺 ვიდეო: დინამო ბათუმი 2:0 სამტრედია [მიმოხილვა]

კომენტარები

ბოლო ამბები