Thumbnail
  • 'ვიცი, რომ გუნდის ლიდერის როლი დამეკისრება და ეს, ჩემთვის ახალი გამოწვევაა'
  • სანდრო მამუკელაშვილი მომავალ სეზონსაც NCAA-ს წევრ სეტონ ჰოლში გაატარებს

21 წლის ქართველმა კალათბურთელმა სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ს 2020 წლის დრაფტიდან კანდიდატურა მოხსნა და მომავალ სეზონსაც NCAA-ს წევრ სეტონ ჰოლში გაატარებს.

სავარაუდოა, რომ ქართველმა ფორვარდმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ე.წ. NBA Draft Combine-ის შემჭიდროვებულ – 70-კაციან სიაში ვერ მოხვდა, თუმცა კი, მსოფლიოს უძლიერეს ლიგაში მისდამი ინტერესი ნამდვილად არსებობდა.

სანდრომ გასაუბრება NBA-ს 20-მდე გუნდთან გაიარა და როგორც Nypost წერს, 2 კლუბი მას დრაფტის მე-2 რაუნდის დასაწყისში არჩევასაც კი დაპირდა. ამაზე ირიბად თავად ქართველმა ლეგიონერმაც ისაუბრა:

“NBA-ს კლუბებიდან მართლაც დიდი ინტერესი და ყურადღება ვიგრძენი და ეს, ჩემთვის სასიამოვნო იყო, თუმცა, მას შემდეგ, რაც ბოლო 2-3 კვირა ისევ სეტონ ჰოლთან გავატარე, მივხვდი, რომ ამ გუნდთან ერთად კიდევ ბევრი რამის გაკეთება შემიძლია. ვგრძნობ, რომ თუკი აქ ყველას ვაჩვენებ რა შემიძლია, დრაფტზე პირველ რაუნდშიც ამირჩევენ. მინდა, სეტონ ჰოლში ჩემი კვალი დავტოვო, ნამდვილი ლიდერი გავხდე და იმას მივაღწიო, რაც გასულ სეზონში ვერ შევძელი”.

არადა, მამუკელაშვილის გუნდმა ბოლო ჩემპიონატი ძალიან წარმატებულად ჩაატარა. პირატებმა ბიგ ისთის კონფერენციაში რეულარული სეზონი 1992-93 წლების შემდეგ პირველად მოიგეს და “მარტის სიგიჟესაც” მოუთმენლად ელოდნენე, თუმცა, კორონავირუსის პანდემიამ გეგმები მათაც აურია.

სანდრო მამუკელაშვილს მომავალ სეზონში NCAA-ს ვარსკვლავობას უწინასწარმეტყველებენ

ჩინებულ ფორმაში იყო თავად სანდროც, რომელსაც დეკემბერში მიღებული მძიმე ტრავმის გამო 10 მატჩი გაუცდა, თუმცა, ძალიან მოტივირებული დაბრუნდა და ჩინებული საშუალო მაჩვენებლები ჰქონდა: 11.9 ქულა, 6.0 მოხსნა და 54%-იანი სიზუსტე თამაშიდან.

მომავალ სეზონში ქართველი კალათბურთელის როლი კიდევ უფრო გაიზრდება, რადგანაც სეტონ ჰოლი დატოვეს სასტარტო ხუთეულის სხვა წევრებმა მაილს პაუელმა, ქუინსი მაკნაიტმა და რომარო გილმა. ახლა, გუნდში ყველაზე გამოცდილი მოთამაშე სწორედ ქართველია და მას ახალგაზრდა პარტნიორებისთვის მაგალითის მიცემა მოუწევს:

“ცხადია, რომ დიდი ძალა დავკარგეთ, თუმცა, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ღირსეული ცვლა მოდის. ჩვენს მწვრთნელთან კევინ ვილარდთან ერთად ბევრს ვვარჯიშობთ და თვალნათლივ სჩანს, რომ ახალ ბიჭებში დიდი ტალანტია. მათთან ერთად თამაშს მოუთმენლად ველი. ვიცი, რომ გუნდის ლიდერის როლი დამეკისრება და ეს, ჩემთვის ახალი გამოწვევაა, რომელთან გასამკლავებლადაც მზად ვარ”.

ცნობისთვის, NCAA-ში ახალი სეზონისთვის მზადებას გუნდები ოქტომბერში დაიწყებენ, მატჩები კი სტარტს ნოემბერში აიღებს, თუმცა, ზუსტი თარიღი, ჯერჯერობით, უცნობია.

კომენტარები

ბოლო ამბები