Thumbnail
  • ყველაზე შედეგიანი პოლ ჯორჯი იყო, რომელმაც 11-დან 8 სამქულიანი ჩააგდო
  • ლოს ანჯელესელთა თავკაცმა დოკ რივერსმა ლიგაში 939-ე გამარჯვება იზეიმა

NBA-ს მორიგ მატჩში ლოს ანჯელეს კლიპერსმა ნიუ ორლეანს პელიკანსს 126:103 სძლია, მთავარი ამბავი კი ის იყო, რომ კალიფორნიელებმა 25 სამქულიანი ჩააგდეს და საკლუბო რეკორდი დაამყარეს.

გამარჯვებულთა რიგებში ყველაზე შედეგიანი პოლ ჯორჯი იყო, რომელმაც 11-დან 8 სამქულიანი გამოიყენა და 28 ქულა მოაგროვა, კავაი ლეონარდის აქტივში 24 ქულა (2 სამქულიანი) იყო, პატრიკ ბევერლიმ, რეჯი ჯონსონმა და ჯამაიკლ გრინმა კი სამ-სამი სამქულიანი მიითვალეს. სათქმელია ისიც, რომ კლიპერსი პერიმეტრიდან 53.2%-იანი მაჩვენებლით (47-დან 25) უტევდა. აღსანიშნავია, რომ 25 ზუსტი სამქულიანი NBA-ს ისტორიაში მე-4 შედეგია. უკეთესი მაჩვენებლები მხოლოდ ჰიუსტონ როკეტსს აქვს: 27 სამქულიანი და 2-ჯერ – 26 სამქულიანი.

პელიკანსთან მატჩი გამორჩეული გამოდგა კლიპერსის თავკაც როკ რივერსისთვისაც, რომელმაც კარიერაში 939-ე გამარჯვება იზეიმა და მოგებათა რაოდენობით ლეგენდარულ რედ აუერბახს გადაასწრო. დოკმა აღნიშნული მაჩვენებლით ლიგის ისტორიაში მე-11 ადგილზე გადაინაცვლა.

შეგახსენებთ, რომ რივერსი 2004-13 წლებში ბოსტონ სელტიკსს წვრთნიდა და 2008 წელს NBA-ს ჩემპიონიც გახდა. ასევე ბოსტონში მუშაობდა ხსენებული აუერბახიც, რომელმაც სელტიკსთან ერთად საჩემპიონო ბეჭედი ზედიზედ 8-ჯერ (1959-1966) მოიგო, სულ კი, პირველობა 9-ჯერ იზეიმა.

მოგებათა რაოდენობით საუკეთესო მწვრთნელებს შორის მე-10 ადგილზე ბილ ფიტჩია (944), მეცხრეზე კი – რიკ ადელმანი (1042). რივერსის კლიპერსი მომდევნო შეხვედრას 5 აგვისტოს ფინიქს სანსთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები