Thumbnail

ტოჩინოშინს სოლიდური წინსვლა ელის - 10 მოგება ზაფხულის ბაშოზე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველმა სუმოისტმა ტოკიოს სუპერტურნირზე ბოლო 4 ორთაბრძოლაში იმარჯვა
  • იაპონიის სუმოს ასოციაცია განახლებულ რეიტინგს 31 აგვისტოს გამოაქვეყნებს

ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილმა ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” გამართული ივლისის ბაშო 10 მოგებითა და 5 მარცხით დაასრულა, რაც ბოლო პერიოდში მისი საუკეთესო შედეგია. საინტერესოა, რომ ტრავმებით გაწამებულმა 32 წლის ქართველმა სეკიტორმა 10 გამარჯვებამდე ასვლა გასული წლის მაისის სუპერტურნირის შემდეგ პირველად მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინი ზაფხულის სუპერტურნირს დასავლეთის მე-11 მაეგაშირას ტიტულით შეხვდა, სოლიდური დადებითი ბალანსი კი მას წოდებაში დაწინაურების საშუალებას მისცემს.

ტოჩინოშინმა დასკვნითი ორთაბრძოლა აღმოსავლეთის მე-15 მაეგაშირა კოტოშოჰოსთან ჩაატარა და მეტოქეს, რომელსაც კარიერაში პირველად ხვდებოდა, დამაჯერებლად აჯობა. ქართველმა სეკიტორმა 20 წლის იაპონელს დოჰიოსკენ დაქაჩა და ჰატაკიკომით აჯობა.

სათქმელია ისიც, რომ ტოჩინოშინმა განსაკუთრებით ძლიერად ივლისის ბაშოს დასკვნითი ნაწილი ჩაატარა. მას 11 დღის თავზე მხოლოდ მინიმალური კაჩი-კოში (დადებითი ბალანსი) ჰქონდა, თუმცა, ბოლო 4 შერკინება სათავისოდ დაასრულა და ნერვულ ფინიშს გადაურჩა.

თუკი კორონავირუსის პანდემიის გამო, კიდევ რაიმე არ შეიცვალა, იაპონიის სუმოს ასოციაცია განახლებულ რეიტინგს (ბანძუკე) 31 აგვისტოს გამოაქვეყნებს, მომდევნო სუპერტირნირი კი ისევ ტოკიოში 13-27 სექტემბერს იგეგმება.

კომენტარები

ბოლო ამბები