Thumbnail
  • 21 წლის ქართველმა ცენტრმა ტრავმა მოსალოდნელზე ადრე მოიშუშა
  • მისმა თანაგუნდელმა ფილადელფიასთან საოცარი მატჩი ჩაატარა

გოგა ბითაძის ინდიანა პეისერსმა NBA-ს რესტარტის შემდეგ პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა და ფილადელფია სიქსერსს 127:121 სძლია. სასიხარულოა, რომ 21 წლის ქართველი ცენტრი ამჯერად გუნდის განაცხადში გამოჩნდა, რაც იმის მანიშნებელი უნდა იყოს, რომ თამაში უახლოეს შეხვედრებში მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ გოგამ პრესეზონის მატჩები მუხლის ტრავმის გამო გამოტოვა. ქართველი ლეგიონერი სრული დატვირთვით ვერ ვარჯიშობდა და პორტლენდთან, დალასთანა და სან ანტონიოსთან შეხვედრების განაცხადში არ ყოფილა.

ბითაძის სტატუსი სწორედ ფილადელფიასთან შეხვედრის წინ შეიცვალა და პეისერსის მთავარმა მწვრთნელმა ნეიტ მაკმილანმა გოგა 13-კაციანი როსტერში შეიყვანა, თუმცა, მისი მოედანზე გაყვანა არ გაურისკავს, მითუმეტეს, რომ მატჩის ბედი ბოლომდე გადაუწყვეტელი გახლდათ.

მოსალოდნელია, რომ ახალგაზრდა ქართველ ცენტრს თუნდაც მცირე დროით უკვე უახლოეს მატჩში ვიხილავთ, რომელიც ინდიანას 4 აგვისტოს დილას ვაშინგტონ უიზარდსთან ელის. ამას ხელი იმანაც უნდა შეუწყოს, რომ კვლავაც ტრავმირებულია პეისერსის ერთ-ერთი მთავარი მაღალი დომანტას საბონისი. არსებული ინფორმაციით, ლიეტუველი კალათბურთელი მიმდინარე სეზონში მოედანზე გასვლას ვეღარ შესძლებს.

ფილადელფიასთან მატჩის გმირი კი ტი ჯეო უორენი გახდა, რომელმაც 41 წუთში 53 ქულა ჩააგდო. ამასთან, 2010 წლიდან მოყოლებული, ის NBA-ს მხოლოდ მე-3 კალათბურთელი გახდა, ვინც 50 ქულაზე მეტი ისე მოაგროვა, რომ მხოლოდ 5 საჯარიმო გამოიყენა. მიმდინარე ათწლეულში, უორენამდე, ასეთი რამ მხოლოდ გოლდენ სტეიტის ვარსკვლავებს – სტეფ კარისა და კლეი ტომპსონს მოეხერხებინათ.

საინტერესოა ისიც, რომ ტი ჯეისთვის პირადი რეკორდია თამაშიდან ჩაგდებული 20 ბურთი და 9 სამქულიანიც, ინდიანას ისტორიაში კი, მან მე-3 შედეგის დაფიქსირება მოახერხა. პეისერსის ბომბარდირებად გუნდის ლეგენდარული კალათბურთელები რეჯი მილერი (57 ქულა 1992 წელს შარლოტთან) და ჯერმეინ ო’ნილი (55 ქულა 2005 წელს მილუოკისთან) რჩებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები