Thumbnail

როგორც ჩანს, გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქვილითაიას გენტი მალე 20 წლის ლიდერს, ჯონათან დევიდს დაკარგავს...

გენტმა ფრანგულ ლილს უარი უთხრა ნიჭიერი კანადელის 20 მილიონ ევროდ მიყიდვაზე, მაგრამ მას მერე ყველაფერი ნიგერიელი ვიკტორ ოსიმჰენის ტრანსფერმა შეცვალა. 21 წლის აფრიკელი ფორვარდი ნაპოლიში ამ კლუბისთვის სარეკორდო თანხად (არაოფიციალურად, 50-60 მილიონი ევრო) გადავიდა, ლილს კი შესაბამისი თანხები გამოუჩნდა და თანახმაა დევიდში 30 მილიონი გადაიხადოს (რასაც გენტი ითხოვს). ბელგიურ კლუბს სხვა გზა არც აქვს, დევიდს ჟუპილერ ლიგაში თამაში აღარ სურს და ძალით ხომ ვერ დააკავებენ.

ქვილითაიას გუნდში კიდევ ერთი კონკურენტი დაემატა

voetbal24.be მიიჩნევს, რომ დევიდის არყოფნაში მისი როლი ან რომან ბეზუსმა უნდა შეითავსოს, ან გიორგი ჩაკვეტაძემ, თუმცა საიტი არ არის დარწმუნებული, რამდენად სრულფასოვანი იქნება ეს შეცვლა და არც გენტის მხრიდან ახალი ფეხბურთელის დამატებას გამორიცხავს. "ბეზუსს და ჩაკვეტაძეს კლასი ნამდვილად აქვთ, მაგრამ, რამდენად იქნება ეს საკმარისი ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაში, ძნელი სათქმელია. გენტს კი ტიტულისთვის ბრძოლა აქვს დასახული", - წერს გამოცემა. 

გენტი ბუნებაში

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, ბელგიის ჟუპილერ ლიგა ვეღარ განახლდა, ხოლო გენტი ვიცე-ჩემპიონად გამოცხადდა. 

დღეს გენტი ამხანაგურ მატჩში ვარეგემთან 1:2 დამარცხდა. ამ მატჩში მე-80 წუთზე იარემჩუკის ნაცვლად გიორგი ქვილითაია შევიდა, ჩაკვეტაძე ტრავმირებულია, დევიდს არ უთამაშია. გენტი ჟუპილერ ლიგას 9 აგვისტოს სენტ ტრუიდენთან საგარეო მატჩით იწყებს. სხვათა შორის, გუნდმა დაიმატა ტიმ კლაინდიენსტი, რომელიც ქვილითაიას პოზიციაზე თამაშობს. 

ბოლო ამხანაგური მატჩის წინ, გენტის ხელმძღვანელობამ გუნდს ორდღიანი ტური მოუწყო ბუნებაში. მოთამაშეებმა სირთულეების გადალახვაში მიიღეს მონაწილეობა, დაშვნენ გასაბერი ნავებით მდინარეზე და თავი კლდეზე ცოცვაშიც გამოსცადეს. 

კომენტარები

ბოლო ამბები