Thumbnail

'ახლა უკვე მშვიდად ვარ' - ტოჩინოშინი ბაშოს 20 წლის დებიუტანტთან ასრულებს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ტოჩინოშინს ივლისის ბაშოს 10 გამარჯვებით დასრულება შეუძლია
  • ქართველი სუმოისტის კომენტარი ჰოკუტოფუჯისთან გამარჯვების შემდეგ

ივლისის ბაშოზე, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო, ნაგოიას ნაცვლად ტოკიოში მიმდინარეობს, გასამართავი მხოლოდ ბოლო დღის ორთაბრძოლები დარჩა. ეს სუპერტურნირი ლევან გორგაძისთვის (ტოჩინოშინი) წარმატებული გამოდგა.

მე-14 დღეს ტოჩინოშინმა მე-5 მაეგაშირა ჰოკუტოფუჯი საკმაოდ იოლად, უვატედაშინაგეს ილეთით მოახერხა. დოჰიოდან ჩამოსვლის შემდეგ ქართველმა ყოფილმა ოძეკიმ მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა:

ტოჩინოშინი: "ბაშოს ბოლოს, რადგან 8 გამარჯვება უკვე მოვიპოვე, დამშვიდებული შევხვდი ჰოკუტოფუჯისთან ორთაბრძოლას. ჯიქურად არ მივაწვებოდი, სულ რომ დაბალ დგომში მომეხელთებინა მეტოქე".

📺 ტოჩინოშინი V ჰოკუტოფუჯი

2 აგვისტოს ტოჩინოშინი ბაშოს მე-15 მაეგაშირა კოტოშოჰოსთან შერკინებით ასრულებს. ელიტის 20 წლის იაპონელ დებიუტანტს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. მან უკვე მოახერხა დადებითი ბალანსის დაბევება (8-6), 32 წლის ტოჩინოშინს კი კარიერაში პირველად შეხვდება. 

აღსანიშნავია, რომ ტოჩინოშინმა დადებითი ბალანსით ბოლოს 2019 წლის მაისის ბაშო დაასრულა, შემდეგ კი ზედიზედ 5 უარყოფითბალანსიანი ბაშო ჰქონდა. თუ კოტოშოჰოსაც მოუგებს, ბაშოს 10 მოგებით დაასრულებს. კარიერაში ტოჩინოშინს ელიტაში 10 და მეტი მოგება ბაშოზე 11-ჯერ ჰქონია. გამარჯვების შემთხვევაში, ქართველი სუმოისტი რეიტინგშიც სერიოზულად წაიწევს წინ. შეგახსენებთ, რომ ახლა ის დასავლეთის მე-11 მაეგაშირაა. 

ივლისის ბაშოს 12-2 ბალანსით ლიდერობს მე-17 მაეგაშირა ტერუნოფუჯი, ყოფილი ოძეკის საოცარი დაბრუნების მომსწრენი გავხდებით, თუ ის ხვალ მიტაკეუმის დაამარცხებს. მან თასის ნაადრევად დაბევების შანსი დღეს გაუშვა, როცა შოდაისთან დამარცხდა.

11-11 მოგება და იმპერატორის თასის მოპოვების შანსი სულ სამ რიკიშის აქვს: სეკივაკე მიტაკეუმის, ოძეკი ასანოიამასა და სეკივაკე შოდაის. ასანოიამა და შოდაი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ასპარეზობის უკანასკნელ დღეს. შეგახსენებთ, რომ ტრავმების გამო ბაშოდან ორივე დიდი ჩემპიონი (კაკურიუ, ჰაკუჰო) მოიხსნა.  

კომენტარები

ბოლო ამბები