Thumbnail

უძვირფასესი ტრანსფერი ნაპოლის ისტორიაში - გატუზომ თავდასხმა გააძლიერა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ნეაპოლის კლუბმა ლილიდან ვიკტორ ოსიმჰენი დაიმატა
  • ნიგერიელმა ნაპოლისთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა

ნაპოლიმ თავდასხმის ხაზი გააძლიერა - ლილის ფორვარდი ვიკტორ ოსიმჰენი კარიერას ნეაპოლის კლუბში გააგრძელებს. 21 წლის ნიგერიელი ფეხბურთელის ტრანსფერის შესახებ ინფორმაციას ნაპოლის პრესსამსახური ავრცელებს.

ნეაპოლელებმა თავდამსხმელთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმეს. ოსიმჰენი კლუბის ღირსებას 8-ნომრიანი მაისურით დაიცავს, მისი ხელფასი კი დაახლოებით წლიურ 4,5 მილიონ ევროს შეადგენს.

არაოფიციალური ინფორმაციით, ტრანსფერის ღირებულებამ 50-60 მილიონი ევრო შეადგინა. გარიგების თანახმად, ლილში მეკარე ორესტის კარნეზისი გადაბარგდება.

გამოდის, რომ ვიკტორ ოსიმჰენის ტრანსფერი ნაპოლის ისტორიაში უძვირფასესია. აქამდე ყველაზე მეტი კლუბს ირვინგ ლოსანოში ჰქონდა გადახდილი, რომელიც გასულ ზაფხულს პსვ ეინდჰოვენისგან 38 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა.

ვიკტორ ოსიმჰენმა 2019/20 წლების სეზონში ლილის ღირსება ყველა ტურნირის 38 მატჩში დაიცვა, გაიტანა 18 გოლი და შეასრულა 6 საგოლე პასი. მანამდე თავდამსხმელი გერმანულ ვოლფსბურგსა და ბელგიურ შარლერუში გამოდიოდა. ოსიმჰენს ნიგერიის ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 10 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი.

ნაპოლი სერია A-ს ბოლო ტურის შეხვედრას 1-ელ აგვისტოს, რომის ლაციოსთან გამართავს. ჯენარო გატუზოს გუნდს 59 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა. ნეაპოლელებს ბარსელონასთან ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/8-ფინალური მატჩიც აქვთ ჩასატარებელი.

კომენტარები

ბოლო ამბები