Thumbnail

ფუტსალის ლიგა | ტურის ცენტრალურ მატჩში თსუ-მ თელასი დაამარცხა

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • ფუტსალის ლიგასა და ფუტსალის ლიგა 2-ში XIV ტურის მატჩები ჩატარდა
  • მომდევნო ტური 2 აგვისტოს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება

30 ივლისს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგისა და ფუტსალის ლიგა 2-ის 2019/20 წლების სეზონის მე-14 ტურის შეხვდრები გაიმართა. ფუტსალის ლიგის ტური ილიაუნისა და ქუთაისის მართვეს დაპირისპირებით გაიხსნა.  

"სტუდენტებმა" მეტოქე გუნდს თავიდანვე აქტიურად შეუტიეს. პირველივე ნახევარში მოწინააღმდეგეს რვა გოლი გაუტანეს. თამაშის სურათი არც მეორე ტაიმში არ შეცვლილა. ილიაუნის ფეხბურთელებმა "ქუთათურებს" მეორე ნახევარში 7 გოლი გაუტანეს და საბოლოოდ ილიაუნიმ მართვეს 15:0 სძლია. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან სამ-სამი ბურთი თეიმურაზ ექიზაშვილის, გიორგი ახლანძისა და გიორგი კურტანიძის ანგარიშზეა. გამორჩეული იყო გურამ ნადარეიშვილიც, რომელმაც დუბლთან ერთად ოთხი საგოლე გადაცემა მიითვალა.

ტურის ცენტრალურ მატჩში ერთმანეთს თელასი თსუ-ს დაუპირისპირდნენ. თსუ-მ მეტოქეს 5:2 მოუგო. თსუ პირველ ტაიმში გიორგი ჩიმაკაძისა და მიხეილ თევზაძის გოლებით დაწინაურდა. "ენერგეტიკოსებმა" სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს, თუმცა მეტოქემ მათი კარი კიდევ რამდენჯერმე აიღო და საბოლოოდ სამბურთიანი უპირატესობით იმარჯვა.

ფუტსალის ლიგა 2-ის მე-14 ტურის სასტარტო მატჩში თსუ 2-მა საქართველოს უნივერსიტეტთან ითამაშა და კარი მშრალად შეინახა. თსუ 2-მა მოწინააღმდეგე დიდი ანგარიშით - 9:0 დაამარცხა. შეხვედრის გამორჩეული ფეხბურთელები იყვნენ გიორგი სვანიძე და ვახტანგ დადიანი. გიორგი გუნდს სამი ბურთით დაეხმარა, ვახტანგის ანგარიშზე კი ორი გოლია. 

დიდი უპირატესობით დაამარცხა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა გორელები. "სტუდენტებმა" პირველი ნახევარი მძიმედ დაიწყეს და ფრედ 2:2 დაამთავრეს, თუმცა შეხვედრის განახლების შემდეგ თამაში რადიკალურად შეიცვალა და კსუ-მ მეტოქეს 11:3 სძლია. გამარჯვებული გუნდიდან ოთხი გოლითა და ერთი შედეგიანი გადაცემით გიორგი ღავთაძე გამოირჩა. ნიკა მანგოშვილმა ჰეთ თრიკი, ლუკა ფარცვანიამ კი დუბლი გაიფორმა.

ფუტსალის ლიგა 2-ის დასკვნით დაპირისპირებაში პსპ-მ ევროპის უნივერსიტეტთან 14:1 იმარჯვა. ლევან სვანიძე გუნდს ხუთი გოლით დაეხმარა. ნიკოლოზ კურტანიძის ანგარიშზე ჰეთ თრიკი და ხუთი საგოლე გადაცემაა. სამი ბურთი მიითვალა ლევან სარდანაშვილმაც, ხოლო გურამ გოგიჩაიშვილმა დუბლი გაიფორმა.
 
რეგულარული სეზონის ბოლო, მეთხუთმეტე ტური 2 აგვისტოს გაიმართება. 12:00 საათზე ფუტსალის ლიგაში ქუთაისის მართვე თსუ-ს დაუპირისპირდება, 18:00 საათზე კი ცენტრალურ მატჩში თბილისი თელასს გაეჯიბრება. ფუტსალის ლიგა 2 სტარტს 14:00 საათზე აიღებს, სადაც ერთმანეთს  ევროპის უნივერსიტეტი და გორი დაუპირისპირდებიან, 16:00 საათზე კსუ თსუ 2-თან გამოცდის ძალებს, დასკვნითი მატჩი კი საქართველოს უნივერსიტეტსა და პსპ-ს შორის გაიმართება, შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები