Thumbnail

ყაზანის რუბინის 19 წლის ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია იმ ფეხბურთელთა შორის მოხვდა, რომლებიც რუსეთის პრემიერლიგის 2019-20 წლების სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის ტიტულისთვის იბრძოლებენ.

კვარაცხელიას გარდა, ნომინანტთა სიაში ფიოდორ ჩალოვი, ივან ობლიაკოვი, კრისტიან ბისტროვიჩი, იგორ დივეევი (ყველა – ცსკა), მაგომედ-შაპი სულეიმანოვი, მატვეი საფონოვი, დანიილ უტკინი (ყველა – კრასნოდარი), დანიილ ლესოვოი (არსენალი), ალეკსანდრ მაკსიმენკო (სპარტაკი), მაკსიმ გლუშენკოვი (კრილია სოვეტოვი) და ოსტონ ურუნოვი (უფა) ფიგურირებენ.

ქართველმა ფეხბურთელმა განსაკუთრებით ძლიერად სეზონის ბოლო მატჩები ჩაატარა

საუკეთესოს გამოვლენაში მონაწილეობას პრემიერლიგის კლუბების მთავარი მწვრთნელები და კაპიტნები, ტელეარხ Match Premier-ის 5 ექსპერტი, 7 ყველაზე ცნობილი რუსული სპორტული ვებ-გვერდის (Sports.ru, Championat, Sport24, TASS, R-Sport, Sport-express, SovSport) წარმომადგენლები და რუსეთის ეროვნული ნაკრების თავკაცი სტანისლავ ჩერჩესოვი მიიღებენ.

ისინი სამ საუკეთესო დაასახელებენ, რომელთაც შესაბამისად, 5, 3 და 1 ქულა მიეკუთვნებათ. გამარჯვებულის დაჯილდოვება Match TV-ს ეთერში, შაბათს, 1 აგვისტოს თბილისის დროით 18:05 საათიდან არის დაგეგმილი. ამავე ღონისძიებაზე დასახელდებიან რუსული პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელი, ბომბარდირი, მეკარე, მწვრთნელი და მსაჯი.

ხვიჩა კვარაცხელია რუბინში შარშან ზაფხულში მოსკოვის ლოკომოტივიდან გადავიდა და ყაზანელებთან კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს. 19 წლის ფეხბურთელმა რუსეთის პრემიერლიგის 27 მატჩში 3 გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა. Transfermarkt-მა ხვიჩას სატრანსფერო ფასი 2 მილიონიდან 4.5 მილიონამდე გაზარდა და ის ქართველ ფეხბურთელთა შორის მხოლოდ გიორგი ჩაკვეტაძესა (6.7 მილიონი) და საბა კვერკველიას (5.0) ჩამორჩება.

📺 ხვიჩა კვარაცხელიას საუკეთესო მომენტები

კომენტარები

ბოლო ამბები