Thumbnail

'სრული გაურკვევლობა' - რა ხდება დიდ 10-ში?

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • მორაგბეები საქართველოს ეროვნული სარაგბო ლიგის განახლებას ელიან
  • კლუბებში განსხვავებული სიტუაციაა, მაგრამ ერთი რამ ყველას აერთიანებს
  • უხელფასობის გამო, ზოგიერთმა მორაგბემ ახალი სამსახური მოძებნა 

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ თანამდებობა დატოვა. აღნიშნული ინფორმაცია ტელეკომპანია იმედთან საუბარში რაგბის კავშირის საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელმა ნიაზ მამრიკიშვილმა დაადასტურა.

სვანიძის გადაწყვეტილების მიზეზად სარაგბო სამყაროში შექმნილი კრიზისი სახელდება, რის გამოც ჯერ ეროვნული ჩემპიონატი - დიდი 10-იც კი არ განახლებულა.

დიდი 10-ის თემასთან დაკავშირებით, პოპსპორტი ქართული კლუბების მორაგბეებს დაუკავშირდა. ათივე კლუბში სხვადასხვა სიტუაციაა, მაგრამ ერთი რამ ყველას აერთიანებს, არავინ იცის, თუ როდის განახლდება ეროვნული ჩემპიონატი. გთავაზობთ მორაგბეების კომენტარებს.

სოსო მათიაშვილი (ლელო): გარკვეული არაა, როდის დაიწყება ჩემპიონატი. კონტრაქტები, რაც გვქონდა, ამოგვეწურა. გუნდებმა არ იციან, როდის დაიწყება ჩემპიონატი და ამის გამო საშუალება არ აქვთ, ახალი კონტრაქტები დაგვიდონ. მორაგბეებიც და კლუბებიც მოლოდინის რეჟიმში ვართ.

ხვიჩა ბუჯიაშვილი (ბათუმი): კლუბი ჩემპიონატის დაწყებაზე ვერაფერს ამბობს, რადგანაც კავშირზეა დამოკიდებული. ჩვენ ვვარჯიშობთ და უკვე ორი კვირაა, რაც ახალ კონტრაქტებსაც მოვაწერეთ ხელი. პირველი, მეორე და მესამე ხაზი დაყოფილია და ცალ-ცალკე გვიწევს ვარჯიში. იმედი მაქვს, რომ აგვისტოს დასაწყისში ჩემპიონატის დაწყების თარიღი გვეცოდინება.

ქვედა ლიგიდანაც და დიდი 10-დანაც ბევრი მორაგბე მუშაობს სხვა სამსახურში, რადგანაც ბევრი კლუბი არ იხდის ხელფასს. კარგი სიტუაცია ნამდვილად არაა.

იოანე ხელაია (აკადემია): კლუბმა სახელფასო ვალდებულებები შეასრულა და განვლილი სეზონის ხელფასები გასწორებულია, ახლა ხელფასი თავისთავად არ გვაქვს. არის ინფორმაცია, რომ რამდენიმე გუნდში ხელფასები თებერვლიდან არ აუღიათ. 

ვარჯიშებს რაც შეეხება, არასავალდებულო ვარჯიშებია კვირაში სამჯერ, რაც თავისთავად პროფესიონალიზმისგან შორს დგას, მაგრამ შინ ვარჯიშს სჯობს. მოედანი გვაქვს და ძალისმიერ ვარჯიშებსაც ვასრულებთ.

საწყენია და ცუდია მოტივაციისთვის ის, რომ არ ვიცით, ამდენი ხნის განმავლობაში რა იქნება, რას უნდა ველოდოთ და რისთვის ვემზადებით. ფინანსურ საკითხში აკადემიაში ყველაფერი მოწესრიგებული იყო. ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ არ ვიცით, რას უნდა ველოდოთ.

ნიკა გიგაური (არმაზი): არმაზში ვარჯიში ჯერ კიდევ არ დაწყებულა და დაზუსტებით ვერაფერს გვეუბნებიან. დაფინანსების იმედზეა ყველა გუნდი და მაგის მოლოდინში ვართ მოთამაშეებიც, ხელფასებიც ამ ეტაპზე არ გვაქვს და მგონი ბევრ გუნდში იგივე სიტუაციაა

რეზი ჯინჭველაშვილი (ჯიქი): ბევრი სათქმელი არაფერი მაქვს. როგორც გუნდების უმეტესობა, მოედანზე არ გავსულვართ. კლუბი კონკრეტულს ვერაფერს გვეუბნება ვარჯიშების განახლების თაობაზე იმიტომ, რომ გარკვეული არაა, გაგრძელდება თუ არა თამაშები ან როდის დაიწყება ახალი სეზონი.

ამაზე პასუხი არავის არ აქვს, სრული გაურკვევლობაა. ხელფასს რაც შეეხება, გვქონდა წყვეტა რამდენიმე თვე პანდემიის პერიოდში, როგორც ბევრ სხვა გუნდს, მაგრამ აგვისტოში აგვინაზღაურებენ ამ თანხას.

ლაშა გედეხაური (ლოკომოტივი): ვარჯიშები ისევ გავაგრძელეთ. სხვა კლუბებში ხელფასები არ იყო, როგორც ვიცი. ჩვენთან ნაწილ-ნაწილ ვიღებდით და ახლა ფედერაციას აქვს ჩასარიცხი თანხა, რათა 2 თვის დარჩენილი ხელფასი კლუბმა გაგვისტუმროს.

იმედია, რომ მიუხედავად სვანიძის წასვლისა, დიდი 10-ის დასრულება მოხერხდება და წლევანდელი სეზონი არ ჩაიშლება. რაგბის კავშირის ახალ პრეზიდენტს ნოემბერში აირჩევენ.

კომენტარები

ბოლო ამბები