Thumbnail

'ესპანეთში ძალიან საშიშია' - ბარსელონა-ნაპოლი კამპ ნოუზე ვერ ჩატარდება?

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • უეფა მერვედფინალის განმეორებითი შეხვედრის პორტუგალიაში გადატანას აპირებს
  • ამ შესაძლო ვარიანტს უკვე მიესალმა იტალიური კლუბის პრეზიდენტი

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის განმეორებითი მატჩი ბარსელონასა და ნაპოლის შორის, შესაძლოა, ესპანეთში ვეღარ ჩატარდეს. უეფა შეხვედრის ნეიტრალურ მოედანზე გამართვის ვარიანტს სერიოზულად განიხილავს და გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში გამოაცხადებს.

მიზეზი იოლი მისახვედრია: ისევ და ისევ კორონავირუსი, რომელმაც ბოლო პერიოდში ესპანეთში ახალი ძალებით იფეთქა. შედეგად, უეფამ გადაწყვეტილების გამოტანა ჯანდაცვის დეპარტამენტს მიანდო და თუკი მისგან თანხმობა ვერ მიიღო, თამაში 8 აგვისტოს კამპ ნოუზე ვეღარ შედგება.

შეგახსენებთ, რომ მერფვედფინალის პირველი მატჩი ნეაპოლში 1:1 დასრულდა და ცხადია, რომ მეოთხედფინალში გასვლასთან უფრო ახლოს კატალონიელები არიან, თუმცა, თუკი შეხვედრა ნეიტრალურ ქვეყანაში, მაგალითად, პორტუგალიაში ჩატარდა, იტალიური კლუბის შანსები გაიზრდება.

“ესპანეთში ძალიან საშიშია. რატომ არ უნდა ვეთამაშოთ ბარსელონას პორტუგალიაში?”, - ეს კომენტარი ნაპოლის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს ეკუთვნის, რომელიც ცხადია, რომ მატჩის ნეიტრალურ სარბიელზე გადატანის მომხრეა. უეფა საბოლოო ვერდიქტს მიმდინარე კვირის ბოლოს გამოიტანს.

ვთქვათ ისიც, რომ ამ დროისთვის ესპანეთში COVID 19-ის 329 721 შემთხვევაა დაფიქსირებული, 28 441 ადამიანი კი გარდაიცვალა. საგანგაშო ისაა, რომ უკანასკნელი დღის შემთხვევაში კორონავირუსით 2 ათასზე მეტი ადამიანი დაავადდა.

კომენტარები

ბოლო ამბები