Thumbnail
  • მე-4 ტური: დინამო 2:0 ტორპედო.
  • გამარჯვებული გუნდიდან დუბლი ბუდუ ზივზივაძემ შეასრულა.
  • დინამოს 9 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა.

ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშების მე-4 ტურის ცენტრალური მატჩი დინამო არენაზე გაიმართა, სადაც თბილისის დინამომ ქუთაისის ტორპედოს უმასპინძლა.

გულშემატკივრებმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი ასე მიაგეს
ფოტოები: FB/dinamotb

ეს იყო ამ გუნდების პირველი შეხვედრა გასული სეზონის საჩემპიონო დაპირისპირების შემდეგ, როდესაც ტორპედომ სწორედ თბილისში მოიპოვა ტიტული.

ამჯერად, მატჩი თბილისელთა უპირატესობით წარიმართა და შედეგიც შესაბამისი დაფიქსირდა: 2:0 კახა კაჭარავას გუნდის სასარგებლოდ.

მატჩი 12 წუთის დაწყებული იყო, როდესაც ოთარ კიტეიშვილის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ, ბუდუ ზივზივაძე მეკარესთან პირისპირ დარჩა და გაიხსნა ანგარიში, 1:0.

პირველი ტაიმის დასრულებამდე ერთი წუთი რჩებოდა, როდესაც დინამოს ხანგრძლივი და ცოტა ქაოტური იერიში ასევე ბუდუ ზივზივაძის ზუსტი დარტყმით დასრულდა, 2:0.

მეორე ნახევარში ტორპედომ სცადა თამაშში გარდატეხის შეტანა, თუმცა დინამო აკონტროლებდა თამაშს და მნიშვნელოვანი 3 ქულა ჩაიწერა აქტივში.

4 ტურის შემდეგ, დინამოს 9 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში საბურთალოს შემდეგ მეორე ადგილზეა. ტორპედო 6 ქულით მე-5 ადგილს იკავებს.

დინამო 2:0 ტორპედო
გოლები: 1:0 ზივზივაძე (12), 2:0 ზივზივაძე (45)

დინამო: ბულისკერია, რუხაია, თოთაძე, კობოური, ხარაბაძე, ივანისენია (73. ძალამიძე), კუცია (87. ქოჩლაძე), შულაია (90. ნინუა), კიტეიშვილი, ივანიშვილი, ზივზივაძე

ტორპედო: კვასხვაძე, ტაბატაძე, ხურცილავა, გურული, ქიმაძე, გიგაური, წიქარიძე (73. კუხიანიძე), დოლიძე (67. სარდალიშვილი), ლიპარტია, კუტალია, კაპანაძე (13. ტუღუში)

კომენტარები

ბოლო ამბები