Thumbnail

შოტლანდიის სარაგბო ნაკრების კვაჭი სტუარტ მაკკინალი შემოდგომაზე საქართველოს ეროვნულ გუნდთან დაგეგმილ ტესტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისი გუნდი თამაშს სერიოზულად უნდა მიუდგეს. აი, რა განაცხადა შოტლანდიელმა მორაგბემ Scotsman-თან საუბარში:

“ეს ამაღელვებელი მატჩი იქნება, რომელსაც უბრალოდ მოსამზადებელს ნამდვილად ვერ ვუწოდებ. ეს ქართული რაგბისადმი უპატივცემულობის გამოჩენა იქნებოდა. ვფიქრობ, რომ მათ ბრწყინვალე გუნდი ჰყავთ. საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ არცთუ დიდი ხნის წინ ვითამაშე და ვიცი, რასაც ვამბობ. ნამდვილად კარგი იქნება, თუკი ქართველებთან თამაში მართლაც შედგა. ეს საშუალებას მოგვცემს უელსთან მატჩისთვის კარგად მოვემზადოთ”.

შეხვედრა, რომელზეც მაკკინალი საუბრობს, გასული წლის 31 აგვისტოს თბილისში შედგა და “ნარშავებმა” ის 44:10 მოიგეს, სტუარტი კი სტუმართა კაპიტნის რანგში მოგვევლინა. ერთი კვირის თავზე შოტლანდიამ საქართველო უკვე ედინბურგში დაამარცხა (36:9) და მაშინ მაკკინალს აღარ უთამაშია, სულ კი, მის აქტივში 29 სანაკრებო მატჩი და 30 ქულაა.

შეგახსენებთ, რომ ცნობა შოტლანდიისა და საქართველოს ნაკრებების მორიგი ტესტის შესახებ გუშინ გავრცელდა. სქოთებს 31 ოქტომბერს უელსთან 6 ერის დარჩენილი მატჩი ელით, “ბორჯღალოსნებთან” გაჯიბრება კი 24 ოქტომბერს მშობლიურ მარიფილდზე სურთ. ამ 2 მატჩის შემდეგ, “ნარშავები” 8 ერის ექსპერიმენტულ ტურნირზე გადაერთვებიან, რომელიც სტარტს 14 ნოემბერს დაიწყება. ამ შეჯიბრის სავარაუდო მონაწილეთა შორის საქართველოც სახელდებოდა, თუმცა, საბოლოოდ, მიწვეული გუნდების რანგში არჩევანი ფიჯისა და იაპონიაზე შეჩერდა.

კომენტარები

ბოლო ამბები