Thumbnail

ტოჩინოშინი დოჰიოდან გაიყვანეს - მას ივლისის ბაშოზე 2 მოგება სჭირდება

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ლევან გორგაძემ ტოკიოს სუპერტურნირზე ზედიზედ მე-2 მარცხი განიცადა
  • ტოჩინოშინს საზაფხულო სუპერტურნირზე კიდევ 4 ორთაბრძოლა ელის

ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილმა ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე ივლისის ბაშოზე მორიგი ორთაბრძოლა ერთ-ერთ ლიდერ ტერუნოფუჯისთან ჩაატარა და იორიკირით დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინი საზაფხულო სუპერტურნირს დასავლეთის მე-11 მაეგაშირას წოდებით შეხვდა, მონღოლი სეკიტორი კი ტურნირში მხოლოდ აღმოსავლეთის მე-17 მაეგაშირას ტიტულით ჩაება, თუმცა, ამ დროისთვის მხოლოდ 1 წაგება აქვს.

ქართულ-მინღოლური ექს-ოძეკების დაპირისპირება ძალიან საინტერესო გამოდგა. სასტარტო შეჯახებისთანავე, მეტოქეებმა ერთმანეთის მავაშის ხელში მოგდება მოახერხეს და ძალისმიერ შეტევებს ახორციელებდნენ, რაშიც უფრო ყოჩაღი ტერუნოფუჯი აღმოჩნდა. მან გორგაძე დაღალა და მისი დოჰიოს მიღმა გაყვანა მოახერხა.

ამგვარად, ქართველ სეკიტორს 6 მოგების წილ 5 მარცხი მოუგროვდა და დარჩენილ 4 ორთაბრძოლაში მაქსიმალური ყურადღების გამოჩენა მართებს. ლევანს დადებითი ბალანსის (კაჩი-კოში) დასაფიქსირებლად ორი შეხვედრის მოგება სჭირდება.

ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე დასავლეთის მე-12 მაეგაშირა შოჰოძანი (2 გამარჯვება, 9 წაგება) იქნება, რომელთან ურთიერთშეხვედრებშიც ქართველ სუმოისტს საგრძნობი უპირატესობა აქვს: 15 მოგება, 8 მარცხი.

კომენტარები

ბოლო ამბები