Thumbnail

საქართველოს რაგბის კავშირის საშეჯიბრო კომიტეტის წარმომადგენელი ნიაზ მამრიკიშვილი ტელეკომპანია 'იმედის' ეთერში 8 ერის ექსპერიმენტულ ტურნირთან დაკავშირებულ სიახლეს გამოეხმაურა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ  შეჯიბრში, რომელიც 2020 წლის ბოლოს არის დაგეგმილი, მიწვეული ნაკრებების რანგში ფიჯი და იაპონია ითამაშებენ, საქართველო კი ამჯერადაც ოფსაიდში რჩება. ქართველი ქომაგებისთვის სამწუხარო ინფორმაცია Asie Rugby-მ გუშინ გაავრცელა და მამრიკიშვილის კომენტარიდან გამომდინარე, ის სიმართლეს უნდა შეესაბამაბოდეს.

ნიაზ მამრიკიშვილი: იმდენად დამაჯერებელია მათი განცხადება, რომ ამის უარყოფა ძალიან გაგვიჭირდება. ნოემბრის ცნობილი ტესტები დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. სწორედ ამის გამო, გაჩნდა იდეა, რომ 8 ერის გათამაშება ჩაეტარებინათ. ამ 8 ერის გათამაშებაში პირველად იაპონელებისა და ფიჯელების დამატებას აპირებდნენ, მაგრამ იაპონიაში მგზავრობის გამო, მერე ამ თემასთან დაკავშირებით თავის იკავებდნენ. ყველაფერი იმისკენ მიდიოდა, რომ მერვე გუნდი ჩვენ უნდა ვყოფილიყავით. ეს 3 დღის წინ მყარი იდეა იყო, დღეს კი ასეთი ამბავი გავიგეთ. ტურნირის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია რამდენიმე დღეში გაჟღერდება, თუმცა ნაკლებ სავარაუდოა, რომ რამე შეიცვალოს. ამ ტურნირიდან გამომდინარე, საქართველოს ნაკრებს ნოემბრის ტესტებზე სუსტ ნაკრებებთან დაპირისპირება მოუწევს.

კომენტარები

ბოლო ამბები