Thumbnail

დიბალა ტრავმირებულია და შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგის რესტარტი გამოტოვოს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • იუვენტუსს ჩემპიონთა ლიგაში, შესაძლოა, პაულო დიბალა ვერ დაეხმაროს
  • არგენტინელმა ბოლო მატჩში კუნთის ტრავმა მიიღო

თუ ეს ცუდი მოლოდინი გამართლდა, იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგის რესტარტს სერიოზული საკადრო პრობლემით შეხვდება - პაულო დიბალა ტრავმირებულია!

ორშაბათს ტურინულმა გრანდმა დაადასტურა, რომ 26 წლის არგენტინელმა სამპდორიასთან შეხვედრაში ტრავმა მიიღო. მატჩში, რომელშიც იუვემ ზედიზედ მე-9 და ჯამში 36-ე 'სკუდეტო' გაიფორმა, დიბალა მე-40 წუთზე შეცვალეს.

იუვენტუსის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ კლუბი დიბალას გამოჯანმრთელების პროცესს ყოველდღე დააკვირდება. კლუბს არგენტინელის დაბრუნებასთან დაკავშირებით პროგნოზი არ გაუკეთებია.

იტალიური მედია კი წერს, რომ  დიბალა მინიმუმ 14 დღე დაისვენებს. დიდი შანსია, რომ მან ლიონთან ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო შეხვედრაში ვერ იასპარეზოს. ეს მატჩი 7 აგვისტოს შედგება - იუვეს პირველი მატჩი სტუმრად 0:1 აქვს წაგებული. მომდევნო ეტაპზე გასვლის შემთხვევაში, ტურინელები რეალ მადრიდსა და მანჩესტერ სიტის წყვილში გამარჯვებულს შეხვდებიან. ეს მატჩი 15 აგვისტოს, ლისაბონში უნდა გაიმართოს.

დიბალამ, რომელსაც არგენტინის ნაკრებში 29 მატჩი აქვს ჩატარებული, ამ სეზონში 45 ოფიციალურ მატჩში 17 გოლი გაიტანა და 14 საგოლე პასი გააკეთა. დიბალას არყოფნა იუვესთვის დიდი პრობლემა იქნება, რაზეც ტურინელთა მთავარი მწვრთნელის, მაურიციო სარის კომენტარი ყველაზე კარგად მეტყველებს: "ის ფაქტი, რომ სკუდეტო მოვიგეთ, დიდწილად რონალდოს და დიბალას დამსახურებაა." - თქვა სარიმ სამპდორიასთან მატჩის შემდეგ.

 

კომენტარები

ბოლო ამბები