Thumbnail
  • კლეი ტომპსონი დაბრუნდა! დაბრუნდა გოლდენ სტეიტიც!
  • თუმცა უორიორსის გამარჯვება მეორეხარისხოვანი გახდა…
  • მატჩის შემდეგ ყველა პატრიკ მაკოუზე ფიქრობდა.

ზედიზედ სამი მარცხის შემდეგ, გოლდენ სტეიტმა გამარჯვების გემო გაიხსენა, თუმცა საკრამენტოსთან მატჩის შემდეგ მოგება ყველასათვის მეორეხარისხოვანი იყო. საქმე ისაა, რომ NBA-ს მოქმედ ჩემპიონს კიდევ ერთი კალათბურთელი დაუშავდა - ოღონდ, ამჯერად შოკისმომგვრელ სიტუაციაში.

მესამე პერიოდის მიწურულს, პატრიკ მაკოუ ვინს კარტერთან ორთაბრძოლის შემდეგ ძალიან ცუდად დაეცა! ოღონდ, ვინს კარტერს ბრალი არაფერში მიუძღვის… მაკოუს ექიმებმა რამდენიმე წუთის განმავლობაში უტრიალეს, მოგვიანებით კი საკაცით გაიყვანეს.

“იმედი მაქვს, რომ კარგადაა და კარგად იქნება. მე მისთვის ვილოცებ!” - განაცხადა მატჩის შემდეგ ვინს კარტერმა. ყველას ლოცვისკენ მოუწოდა სტეფ კარიმაც:

თამაში გაგრძელდა და გოლდენ სტეიტმა საბოლოოდ 112:96 გაიმარჯვა. საუკეთესო კალათბურთელი კევინ დურანტი გახლდათ, რომელმაც 27 ქულა, 10 მოხსნა და 5 პასი დააგროვა. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, გოლდენ სტეიტს კლეი ტომპსონიც დაუბრუნდა, რომელმაც საკრამენტოსთან 25 ქულა ჩააგდო. თუმცა მატჩის შედეგი ბოლოს უმნიშვნელო იყო - არა მარტო იმიტომ, რომ ყველა მაკოუზე ფიქრობდა, არამედ იმის გამოც, რომ საკრამენტოს პლეი ოფში გასვლის შანსი აღარ აქვს, გოლდენ სტეიტი კი რეგულარულ სეზონს მეორე ადგილზე დაასრულებს.

მატჩის შემდეგ, უორიორსის მთავარმა მწვრთნელმა სტივ კერმაც ფაქტობრივად მხოლოდ მაკოუზე ისაუბრა: “შოკისმომგვრელი მომენტი იყო. ახლა ყველა მხოლოდ პატრიკზე ვფიქრობთ. იმედი გვაქვს, კარგად იქნება,” - აღნიშნა კერმა.

კომპიუტერული ტომოგრაფიის შემდეგ ყველაფერი კარგადაა, ექიმები მაკოუს ახლა მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას ჩაუტარებენ…

რაც შეეხება ზაზა ფაჩულიას - უორიორსის ქართველ ცენტრს არ უთამაშია.

კომენტარები

ბოლო ამბები