Thumbnail
  • ოქროს ბურთის დაჯილდოება წელს კორონავირუსის გამო გაუქმდა
  • ეს განსაკუთრებით ცუდია რობერტ ლევანდოვსკისთვის
  • ბაიერნის შეფი რუმენიგე ამ საკითხზე ფიფას პრეზიდენტს დაელაპარაკება

რობერტ ლევანდოვსკიმ გერმანიის ჩემპიონატში 34 გოლი გაიტანა და დიდი ალბათობით, ეს სეზონი მის კარიერაში საუკეთესოა. მიუნხენის ბაიერნის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგე ფიქრობს, რომ პოლონელს საუკეთესო სეზონი აქვს და წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებასაც იმსახურებს. თუმცა პოლონელს ოქროს ბურთის მოგების შანსი მოესპო, რადგან France Football-მა წელს დაჯილდოება გააუქმა.

“ეს ჩვენთვის ძალიან სამწუხარო ამბავია,” - განაცხადა რუმენიგემ ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე, - “გვწყინს, რომ ოქროს ბურთი გააუქმეს. მეტიც: ვფიქრობთ, რომ ეს უსამართლო გადაწყვეტილებაა რობერტ ლევანდოვსკის გამო, რომელმაც გრანდიოზული სეზონი ჩაატარა. ვფიქრობ, რომ წელს ოქროს ბურთს რობერტი იმსახურებდა და შესანიშნავი შანსიც ჰქონდა.”

რობერტ ლევანდოვსკი ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი 34 გოლით გახდა

რუმენიგე დანებებას არ აპირებს და თავისას ეცდება: “მოგვიანებით ფიფას პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს დაველაპარაკები და ვეცდები, დავარწმუნო, რომ მან France Football-ის რედაქცია დაარწმუნოს. ან იქნებ თვითონ ფიფამ შეძლოს ოქროს ბურთის ორგანიზება.” - დასძინა ბაიერნის შეფმა.

თუმცა ცხადია, რომ რუმენიგეს თავისის გატანა გაუჭირდება. რაც უნდა იყოს, 2016 წლის შემდეგ ფიფა და France Football ოქროს ბურთის დაჯილდოებას ერთად აღარ ატარებენ. ფიფა თავის მხრივ The Best-ს ატარებს და წლის ფეხბურთელს ასე აჯილდოვებს, მაგრამ 21 სექტემბერს მილანში დაგეგმილი ღონისძიება ასევე გაუქმებულია. ბოლო ინფორმაციით, ფიფა ეცდება, ალტერნატიულ ვარიანტზე იფიქროს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები