Thumbnail

ფუტსალის ლიგა | ცენტრალურ მატჩში თსუმ ილიაუნი დაამარცხა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • პანდემის შემდეგ საქართველოს ფუტსალის ლიგის 2019/20 წ.წ. სეზონი განახლდა
  • ფუტსალის ლიგასა და ფუტსალის ლიგა 2-ში XII ტურის შეხვედრები ჩატარდა

საქართველოს ფუტსალის ლიგის 2019/20 წ.წ. სეზონი პანდეემის შემდეგ ფუტსალის ლიგა 2-ის მეთორმეტე ტურის სასტარტო მატჩით განახლდა. ერთმანეთს ევროპისა და საქართველოს უნივერსიტეტები დაუპირიპსირდნენ. UG-მ ანგარიშის გათანაბრება ორჯერ მოახერხა, თუმცა ბოლოს მინიმალური სხვაობით 3:4 დამარცხდა.

თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ ტურის სხვა შეხვედრებსაც უმასპინძლა. პსპ-მ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან დაძაბულ ბრძოლაში სამი ქულა აიღო და კვლავ უდანაკარგოა. შეხვედრა 2:1 დასრულდა, "ფარმაცევტების" რიგებში დუბლი ლევან სვანიძემ გაიფორმა. 

გორისა და თსუ 2-ის სანახაობრივი დაპირისპირება თავიდანვე გორელების უპირატესობით წარიმართა, მიუხედავად იმისა, რომ "უნივერსიტეტელებმა" წონასწორობის აღდგენა და წინ გასვლა შეძლეს, საბოლოოდ მაინც 2:3 დამარცხდნენ. სატურნირო ცხრილში გორი მეხუთე ადგილზე რჩება, თუმცა ამ მოგებით ევროპის უნივერსიტეტსა და თსუ-ს მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება. 

რაც შეეხება ფუტსალის ლიგას, თბილისმა ქუთაისის მართვეს უმასპინძლა, 3:1 იმარჯვა და პლეი ოფში ადგილი ოფიციალურად გაინაღდა. "ქუთათურებმა" მიღებული სწრაფი გოლის გაქვითვა მეორე ტაიმში შეძლეს, მაგრამ დარჩენილ დროში საკუთარ კარში კიდევ ორი მიიღეს და თბილისელებმა მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვეს. 

ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთს პრინციპული მეტოქეები, ილიაუნი და თსუ დაუპირისპირდნენ. მატჩი, ტრადიციულად, დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. ილიაუნი მეტოქეს ფეხდაფეხ მიჰყვებოდა, თეიმურაზ ექიზაშვილმა ჰეთ ტრიკი გაიფორმა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, გუნდმა საბოლოოდ ქულის აღებაც ვერ მოახერხა და 3:4 დამარცხდა. 

ფუტსალის ლიგის მეცამეტე ტურის შეხვედრები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 28 ივლისს გაიმართება. ლიგა 2-ში კსუ ევროპის უნივერსიტეტს 14:00 საათზე დაუპირისპირდება, თსუ 2-ისა და პსპ-ს მატჩი 20:00 საათზე დაიწყება, საქართველოს უნივერსიტეტი კი გორს 22:00 საათზე გაეჯიბრება. უმაღლეს ლიგაში ქუთაისის მართვე თელასს 16:00 საათზე შეხვდება, ცენტრალური მატჩი თბილისსა და ილიაუნის შორის 18:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ თამაშებზე დასწრება აკრძალულია, თუმცა გულშემატკივარს ფუტსალის ლიგის ცენტრალური მატჩის ხილვა "სილკ უნივერსალზე" შეეძლება. გარდა ამისა, ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ყურება როგორც ვებგვერდ sbm.ge-ზე, ასევე ლიგის Facebook და Youtube არხებზეა შესაძებელი.

 

კომენტარები

ბოლო ამბები