Thumbnail

ჯოშუამ 12 რაუნდი პირველად იჩხუბა და პარკერთან ბრძოლა ქულებით მოიგო!

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • 28 წლის მოკრივის ქამრების კოლექციას WBO ტიტული შეემატა.
  • 118-110, 118-110, 119-109 - ჯოშუას სასარგებლოდ.

ჯოშუა - პარკერის ბრძოლამ დრამატული მომენტების გარეშე, აუღელვებლად ჩაიარა. ოკლენდელი, დაუღალავი მებრძოლის შემართებას, ენტონი ჯოშუას აღნაგობა და სწორი სტრატეგია დაუპირისპირდა, შედეგად უოტფორდელმა ქულებით მოიგო.

ჯოზეფ პარკერმა, რომელსაც აქამდე არც პროფესიულ და არც მოყვარულთა დონეზე წაგება არ ჰქონდა, მატჩი ჩვეულ სტილში მოძრავი და აგრესიული მანერით დაიწყო. მეცხრე რაუნდში მარცხენა წარბი გაუსკდა, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია, პარკერმა ბრძოლა ბოლომდე მიიყვანა, 12 რაუნდი მაგრად იჩხუბა და ქულებით წააგო.

ენტონი ჯოშუა V ჯოზეფ პარკერი

ჯოზეფ პარკერი
"დიდმა და უკეთესმა კაცმა მოიგო. მოვემზადები, დავბრუნდები და იმედია ისევ მოვიპოვებ ქამარს!"

ენტონი ჯოშუამ 12 რაუნდი პროფესიულ დონეზე პირველად იჩხუბა. აქამდე, ყველაზე მეტს - 11 რაუნდს ჯოშუას წინააღმდეგ ვლადიმირ კლიჩკომ გაუძლო და მეთერთმეტეში ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა. ბრძოლის დამთავრების შემდეგ ჯოშუას მომდევნო ბრძოლაზე, დონტეი უაილდერზე და ტაისონ ფიურიზე ჰკითხეს.

ენტონი ჯოშუა
"დღევანდელი მატჩი უკეთესი ფიტნესით და სტრატეგიით მოვიგე. ჯოზეფ პარკერი მსოფლიო ჩემპიონია და სხვანაირად არც შეიძლებოდა. ვინ იქნება შემდეგი? არ ვიცი, ალბათ უაილდერი, ან იქნებ ტაისონ ფიური... შეხედეთ, უკვე ოთხი ქამარი მაქვს და ოთხივე მხოლოდ 21 ბრძოლაში მოვიპოვე. ასეთი რამ გინახავთ ოდესმე?"

დეონტეი უაილდერს ჯოშუასთან ბრძოლა ამერიკაში სურს, თუმცა 28 წლის ბრიტანელმა განაცხადა, რომ ეს არ მოხდება "თუ ჩხუბი შედგა, აუცილებლად აქ იქნება, ან კარდიფში, ან ლონდონში, მე ბრიტანულ ბოქსის ოჯახს წარმოვადგენ და მინდა მათ წინაში ვიჩხუბო." განაცხადა ჯოშუან. უაილდერის სურვილებს WBC ქამრის მფლობელი ბრიტანელი მოკრივე ტონი ბელიუ გამოეხმაურა.

ტონი ბელიუ
"უაილდერს 40 ბრძოლა აქვს ჩატარებული და საკუთარ ქვეყანაში (ამერიკაში) არავინ არ იცნობს! ნიუ იორკში რომ იკითხოთ თუ ვინ არის დონტეი უაილდერი ალბათ NFL-ის მოთამაშე ეგონებათ. ამიტომ, მადლობა თქვა შესაძლებლობისთვის, ჩამოივდეს აქ და იჩხუბოს."

ენტონი ჯოშუამ რინგი "Wilder, Let’s go baby, let’s go!” - ამ ფრაზით დატოვა და "ბრონზე ბომბერი" მას საკუთარ ტვიტერის გვერდზე მალევე ამ ვიდეო მიმართვით გამოეხმაურა.

ჯოზეფ პარკერის გუნდი მსაჯით უკმაყოფილოა

იტალიელი მსაჯი ჯუზეპე კვარტარონე ინტერნეტ მემედ იქცა. პარკერის მწვრთნელმა კევინ ბარიმ განაცხადა, რომ კვარტარონეს ინგლისური არ ესმოდა.

კევინ ბარი
"მე მას ვკითხე თუ როგორ აპირებდა ბრძოლის წარმართვას, მაგრამ ენის უცოდინრობის გამო არაფერი ესმოდა. კომუნიკაცია არ გვქონდა მთელი მატჩი. ჩვენი სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, სწორედ კონტაქტური, ახლო ბრძოლა იყო, რისი საშუალებაც იტალიელმა მსაჯმა არ მოგვცა."

კომენტარები

ბოლო ამბები