Thumbnail
  • ტურინის იუვენტუსმა ზედიზედ მეცხრე სკუდეტო მოიგო
  • მაურიციო სარი ბედნიერია - მისთვის ეს პირველი დიდი ჯილდოა
  • მან კლუბის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება
  • განსაკუთრებით რთული დიბალას და რონალდო წყვილში თამაში იყო

სამპდორიასთან გამარჯვებით იუვენტუსმა ზედიზედ მეცხრე 'სკუდეტო' მოიპოვა. ეს გამარჯვება პირველი იყო მაურიციო სარისთვის, იუვეს მთავარი მწვრთნელისთვის, რომელსაც აქამდე ხანგრძლივი კარიერის მანძილზე მხოლოდ ერთი ტიტული, ევროპალიგა ჰქონდა მოგებული. პრესა სარის ხშირად აკრიტიკებდა, რომ მას ჩემპიონობა და გამარჯვება არ შეუძლია და ისიც პირველი 'სკუდეტოს' შემდეგ ძალიან ბედნიერი იყო.

სარი: "განსაკუთრებით რთული ზედიზედ გამარჯვებების მიღწევაა და ამ გუნდს მადლობა ეკუთვნის, რომ 8 სკუდეტოს შემდეგ, მოტივაცია და მონდომება ისევ არ დაკარგა. ეს არ გავდა პარკში სეირნობას, ეს იყო გრძელი და დამღლელი სეზონი."

სარიმ კლუბის მხარდაჭერის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იუვეს გამართული მენეჯმენტი მათ წარმატებებში გადამწყვეტ როლს ასრულებს.

სარი: "კრიშტიანო რონალდო და დიბალა მოედანზე გადამწყვეტ როლს ასრულებენ, თუმცა კლუბის როლი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ჩვენ გვყავს პრეზიდენტი და დირექტორები, რომლებიც ყოველდღე ყველა ვარჯიშს ესწრებიან, მუდამ მზად არიან, სასაუბროდ და იციან, საჭიროა თუ არა გუნდის ავზში საწვავის დამატება. ისინი მხარდაჭერას მაშინაც კი გიცხადებენ, როცა აგებ. ორგანიზაციული თვალსაზრისით, იუვე ევროპაში საუკეთესოა. მე მათგან მეტს ვერ მოვითხოვდი."

მანვე აღნიშნა, რომ განსაკუთრებით რთული იყო დიბალასა და რონალდოს ერთად, წყვილში თამაში და ისეთი ტაქტიკის მოფიქრება, რომელიც ორივეს სრულყოფილად თამაშის შესაძლებლობას მისცემდა და გამოყო სირთულეები, რომლებიც კორონავირუსით გამოწვეულმა პაუზამ მოიტანა.

წაიკითხე სკუდეტო საკმარისი არ არის, პროგრესი არ ჩანს - რა პრობლემა აქვს იუვეს

სარი: 'ტაქტიკურად რთული იყო გუნდში შეკრებილი მსოფლიო კლასის მოთამაშეების ერთ სისტემაში გაერთიანება. მაგალითად, დიბალას და რონალდოს ერთად ბევრი აქამდე არ უთამაშიათ. მათი სახასიათო ნიშნების გამო, ერთად თამაში საკმაოდ რთული იყო. ამაზე ბევრი ვიმუშავეთ. როცა გასახდელში შედიხარ, ბევრ დიდ ჩემპიონს ხედავ. როცა დრო გადის, მათ შორის კარგ ადამიანებს აღმოაჩენ. ჩვენ ბევრს ვლაპარაკობდით და ხშირად ვდავობდით კიდეც. გუნდი ასე იქმნება. ვირუსამდე თითქოს ჩვენი თამაში ვიპოვეთ, თუმცა პაუზის შემდეგ ყველაფერი თავიდან დასაწყები გახდა.'

მატჩის შემდეგ სარიმ მინდორი მაშინვე დატოვა, რათა შამპანურით გაწუწვა თავიდან აერიდებინა, მაგრამ გასახდელში ამას მაინც ვერ აცდა. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა უთხრა, ჩემპიონობის შემდეგ ფეხბურთელებს, მისი პასუხი ძალიან გულწრფელი იყო: "ვუთხარი, თუ ჩემთან ერთადაც მოიგეთ, ვისაც არასოდეს არაფერი მოუგია, მაშინ ესეიგი, მართლა მაგრები ხართ-მეთქი."

კომენტარები

ბოლო ამბები